რეკლამა

თერჯოლაში ათმა ოჯახმა ახალმოსახლეობა იზეიმა-მათ სრულიად კეთილმოწყობილი სახლები გადაეცათ

თერჯოლაში ათმა ოჯახმა  ახალმოსახლეობა იზეიმა-მათ სრულიად კეთილმოწყობილი სახლები გადაეცათ

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებულ 10 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა.

აღნიშნულ ოჯახებს სახლების გასაღები გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ. 

"თერჯოლაში დღეს კიდევ ათმა ოჯახმა იზეიმა ახალმოსახლეობა და მათ სრულიად კეთილმოწყობილი სახლები გადაეცათ. ჯამში ჩვენ შევძელით, თერჯოლაში ამ პროექტის ფარგლებში 29 ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროექტს სხვა მუნიციპალიტეტებიც შეუერთდნენ და წელს წყალტუბოს და ტყიბულის თვითმმართველობების გადაწყვეტილებით, სახლები გადაეცა იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად ჰქონდათ ამის საჭიროება. მომავალ წელს აღნიშნულ პროექტს კიდევ, უფრო გავაფართოვებთ და იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებიც შეუერთდებიან,"- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. 

პროგრამა სოციალურად დაუცველი იმ მოსახლეობისათვის მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან/და შეძენას ითვალისწინებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანების მასშტაბის გამო დემონტაჟს ექვემდებარება. 

მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი შესაბამისმა კომისიამ შეისწავლა და გადაწყვეტილება დეტალური განხილვის შედეგად მიიღო.

მუნიციპალიტეტში უკვე მეხუთე წელია ,,სახლდაზიანების პროგრამა" ხორციელდება, რომლის ფარგლებში, საერთო ჯამში, საცხოვრებელი სახლით 29 ოჯახი არის უზრუნველყოფილი.

სოციალური მიმართულებით, ოჯახების გაძლიერების მიზნით აღნიშნული პროგრამა მომავალ წელსაც განხორციელდება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები