საჩხერეში, საჩხერე-რაჭის გზასთან დამაკავშირებელი 4 კმ-იანი საგზაო მონაკვეთი ეწყობა
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილებთან, საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმერეთის რეგიონში რამდენიმე პროექტის მიმდინარეობას და არსებულ ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს გაეცნო.
საჩხერის მუნიციპალიტეტში, შენდება საჩხერე-რაჭის გზასთან დამაკავშირებელი 4 კმ-იანი საგზაო მონაკვეთი, გზაზე ეწყობა ზედა და ქვედა საყრდენი კედლები და წესრიგდება სანიაღვრე სისტემა.
მუნიციპალიტეტში, ასევე, მიმდინარეობს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 10.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. გზა ერთმანეთთან აკავშირებს 3 მუნიციპალიტეტსა და მიმდებარე სოფლებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, სრულად განახლდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ახალი წყალარინების სისტემა, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.





