ქუთაისის საკრებულოს წევრი, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი ხელისუფლებას მიმართავს. ელეონორა არჩაია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს.
"2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ერთი მილიონი მგზავრი მიიღო. მოგეხსენებათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული აეროპორტი ჩვენი ქალაქისა და მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და სიცოცხლისათვის. ტურისტები ქალაქში ათასობით დოლარს ხარჯავენ, რაც საკმაოდ დადებითად აისახება ქუთაისის ბიუჯეტზე და უამრავი ოჯახისათვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.
სამწუხაროდ, აეროპორტიდან ქუთაისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს. ეს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ადგილობრივებს; ამავდროულად, ტურისტული ნაკადების გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებს. იშვიათად შეხვდებით ევროპულ ქალაქს, სადაც
აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება.
ვფიქრობ, თუ გვინდა გავხდეთ ევროპული ქალაქი და ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, აუცილებლად უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა.
მოვუწოდებ რეგიონის ხელმძღვანელობას, ვისაც ამ საქმის მოგვარება ხელეწიფება, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, დანიშნოს ქუთაისსა და აეროპორტს შორის მუდმივი სატრანსპორტო მარშრუტი; შექმნას ტექნიკურად გამართული სისტემა, რომელიც უპრობლემოდ მოემსახურება ქუთაისში ჩამოსულ ასიათასობით სტუმარს,"-ამბობს დეპუტატი.