იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველო მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში და ბაღდათის სოფელ პირველ ობჩაში ჩავიდნენ, სეტყვისგან დაზარალებულ ოჯახებს შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას.
"იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტი დაზიანდა გუშინდელი სტიქიის შედეგად, ყველაზე მეტად კი ზესტაფონის და ბაღდათის მოსახლეობა.
ამ დროის მონაცემებით იმერეთში 26 სახლია დაზიანებული, ასევე 7 სოფელს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, აქედან 2 სოფელში აღდგენილია და დღის ბოლომდე 5 სოფელშიც აღდგება მიწოდება.
ასევე, მუშაობს კომისია, ზუსტდება ზარალის ოდენობა და გარკვეული დროის შემდეგ გვექნება დეტალური ინფორმაცია,"- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში: საჩხერეში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ბაღდათსა და თერჯოლაში, სადაც სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია და დილიდან მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
ასევე, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს სეტყვამ დაუზიანა სახნავ-სათესი, ვაზი და ხეხილი.
პრობლემები მუნიციპალიტეტებში, 9 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა შექმნა.