ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამი სტუდენტი სრული დაფინანსებით გერმანიაში ისწავლის
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ჩაშენებული კომპიუტერული სისტემების სამაგისტრო პროგრამის სამი სტუდენტი - გიგა სამხარაძე, ლუკა გვანცელაძე და კირა ჭეიშვილი, KIU-ს სრული დაფინანსებით, 2 სემესტრის განმავლობაში სწავლას განაგრძობს გერმანიაში, კაიზერსლაუტერნ-ლანდაუს (RPTU) უნივერსიტეტში.
KIU-ს სტუდენტები ევროპის ერთ-ერთ წამყვან ტექნიკურ უნივერსიტეტში, ეუფლებიან ჩაშენებული კომპიუტერული სისტემების ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორებიცაა: რეალური დროის სისტემები; ციფრული სისტემების არქიტექტურა; ჩაშენებული სისტემების ლაბორატორია; რობასტული ციფრული სისტემები; ციფრული სისტემების სინთეზი და ანალიზი. სასწავლო კურსები მოიცავს ჩაშენებული სისტემების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა - „ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები (ECSY)“, ხორციელდება კაიზერსლაუტერნ-ლანდაუს უნივერსიტეტთან (RPTU) თანამშრომლობით.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები ისარგებლებენ განსაკუთრებული კონკურენტული უპირატესობით კომპიუტერულ ინჟინერიაში, ჩაშენებულ კომპიუტერულ სისტემებში, რობოტიკაში, ციფრულ სისტემებში, ჭკვიან მოწყობილობებსა და IoT ეკოსისტემებში.





