ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, დღეს ჩვენი დღის წესრიგი უნდა ავაგოთ მხოლოდ რეალისტურ, პრაგმატულ, დადებითი დღის წესრიგით სავსე პოლიტიკაზე, რომელიც მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის საბოლოო დამოუკიდებლობამდე, რა თქმა უნდა ევროპულ ოჯახში - სხვა ალტერნატივა ქვეყნისთვის არც არსებობს.
“სამწუხაროდ ნაკლებზე მეტია იმ რეალობის აღქმა, რაც თითოეულ ჩვენთაგანს პასუხისმგებლობის მეტ გააზრებას გვაკისრებს.
ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულმა პროგრესმა, პრაქტიკულმა შედეგებმა საზოგადოებაში გააჩინა კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მოთხოვნები, რისი შესრულებაც ხელისუფლების ყველა შტოს ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. ერთადერთი და ერთერთი გზამკვლევი ევროინტეგრაციის მიღწევის არის ასოცირების დღის წესრიგი, რაც პრაქტიკული შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტები დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. ამ შეუქცევადობის გარანტი არის საქართველოს კონსტიტუცია, რისი დაცვაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
არავის უთქვმას ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებიდან და არც მართველი ძალიდან, რომ ჩვენ ვემიჯნებით ან ვუხვევთ ამ გზიდან, პირიქით ჩვენი დღის წესრიგი იმაზე მეტად იქნება ევროპული ვიდრე აქამდე იყო. ამ ნაწილში ნათლად ითქვა, რომ შესრულდება ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის დღის წესრიგის 90 % -ზე მეტი, რაც თვისობრივად გულისხმობს ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტ ევროპულ ტრანსფორმაციას, სხვა დანარჩენი მათ შორის პოლიტიკური დღის წესრიგი გულისხმობს ევროპული ბიუროკრატიიდან, შანტაჟიდან, რეალობის სხვაგვარად წარმოჩენიდან ჩვენი მოქალაქეების დაცვას. ასევე გულისხმობს თავად ამ პროცესის დაცვას და ევროპული დღის წესრიგის მიმართ ჩვენი მოქალაქეების ნეგატიური დამოკიდებულებების გაღრმავების განეიტრალებას. სხვა ნებისმიერი სცენარი მათ შორის რევოლუციური, საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის განვითარებას.
კარგად გვახსოვს რევოლუციური დღის წესრიგი და ის ადამიანები, რომელიც შექმნა იმდროინდელმა კოლექტიურმა გარე ძალებმა და თითოეული ასეთი ჯგუფების წევრები, ხელისუფლებაში მოხვედრის შემდეგ იქცენ მოძალადეებად. დღეს ეს ადამიანები სამწუხაროდ დემოკრატებად გვევლინებიან, ასევე იმ ადამიანების ნაწილი, რომელიც მაშინდელ 7 ნოემბერს ამართლებდნენ და დღეს დემოკრატიის დაცვის აქტორებად იქცენ.
ნაცნობი დღის წესრიგია, თუმცა ეს სცენარი არ გამოვა, რევოლუცია არ შედგება, ვერ შეიქმნება ეს რეალობა რაც არ უნდა დესტრუქციული ჯგუფები შექმნათ.
ბოლოს - თქვენი სმს შეტყობინებები სხვადასხვა სოციალურ თუ კავშირგაბმულობის მატარებლებზე მესმის და განსხვავებულს ყოველთვის პატივს ვცემ, თუმცა ვიცი სადაც ვდგავარ, ვიცი რასაც ვაკეთებ და ამას გავაკეთებ მომავალში - დავიცავ ქვეყნის დამოიკიდებლობას, ევროპულ მომავალს, დავიცავ იმ პასუხისმგებლობას, რაც გუნდთან ერთად ავიღე ქუთაისის მოქალაქეების წინაშე. აქ ვარ და ვიქნები იმიტომ, რომ კომფრომისტები, არარეალიზებული შემთხვევითი, კომპლექსები არ მოვიდეს ხელისუფლებაში და მერე არ იძალადონ საკუთარ ხალხზე, აქ ვარ იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი ოჯახი, ხალხი, ქალაქი და ქვეყანა,”-აცხადებს ირაკლი შენგელია.