ჭიათურას ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა.
ყოფილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ და “ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ბესიკ კირთაძემ გახსნეს.
"დავასრულეთ კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცის მოწყობა. შედეგად, მრავალფუნქციური, გამწვანებული ლოკაცია მივიღეთ, სადაც დასვენებაც და ბავშვების გართობაც არის შესაძლებელი. ჩვენი პრიორიტეტია, რაც შეიძლება ბევრი რეკრეაციული სივრცე შევქმნათ ჩვენს ქალაქში,"-განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.
პროექტის მიხედვით მოეწყო: სათვალთვალო ბორბალი, ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, ადმინისტრაციული შენობა, გაზონები, გამწვანება, ძელსკამები, ფანჩატურები, საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება, საპარკინგე სივრცე და სველი წერტილები. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.
რეკრეაციულ ზონაში ატრაქციონების დამონტაჟება შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ თანამონაწილეობით განხორციელდა.
პროექტის ღირებულება 1269 352 ლარს შეადგენს.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი.