ხარაგაულში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის აშენება იგეგმება
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე და ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულში სპორტული ინფრასტრუქტურის მასშტაბური განვითარების პროექტებს ადგილზე გაეცნენ და მშენებლობისთვის განსაზღვრული ტერიტორიები დაათვალიერეს.
ხარაგაულის სპორტული კომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა აშენდეს და მოეწყოს მულტიფუნქციური სივრცეები, ცურვის, სინქრონული ცურვისა და წყალბურთისთვის განკუთვნილი აუზი.
კომპლექსი გააერთიანებს, ასევე, საბავშვო აუზს, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზებს, სამედიცინო, ფიზიოთერაპიის და მწვრთნელების ოთახებს.
ხარაგაულში იგეგმება, ასევე, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.





