ქუთაისის სპორტის სასახლეს ქართველი და ამერიკელი არქიტექტორები დააპროექტებენ
“როგორც ცნობილია, ქუთაისში მთავრობის გადაწყვეტილებით შენდება საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტის სასახლე. არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანიამ „დემარკმა“ პროექტში პარტნიორის სტატუსით ჩართო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტული ინფრასტრუქტურის საპროექტო ორგანიზაცია Gensler, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ არსებული მდგომარეობის გასაცნობად. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ასეთი მაღალი დონის სპეციალისტები იქნებიან ჩართული საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მით უმეტეს, რომ ამ მიმართულებით ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. მიმდინარე წელს ვიწყებთ არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტის მშენებლობას და გვჯერა, რომ სწორად დაგეგმილი და ხარისხიანი პროექტირება გადამწყვეტი იქნება როგორც სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვისთვის, ისე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ჩვენს ქვეყანაში“ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ქუთაისში მრავალფუნქციური სპორტის სასახლის სამშენებლო ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ.
რევაზ სოხაძემ ქართველ და ამერიკელ არქიტექტორებთან ერთად, ქუთაისში ის ტერიტორია მოინახულა, სადაც ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა იგეგმება.
Gensler-თან თანამშრომლობით ქუთაისში მზადდება 5 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტი, პროექტი ითვალისწინებს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომების, რეკრეაციული ზონების, შიდა გზებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას.





