იტვირთება

"ქუთაისის მწვანილი"-მაღალი ხარისხით გამორჩეული პროდუქტი, რომელიც საქპატენტში წლების წინ დარეგისტრირდა

"ქუთაისის მწვანილი"-მაღალი ხარისხით გამორჩეული პროდუქტი, რომელიც საქპატენტში წლების წინ დარეგისტრირდა

გეოგრაფიული აღნიშვნა „ქუთაისის მწვანილი“.

 ქუთაისი – ეს სიტყვა რეალურად გაცილებით მასშტაბურ მნიშვნელობას მოიცავს, ვიდრე უბრალოდ ქალაქს. არამხოლოდ რეალური, ხელშესახები ნივთებისა თუ პროდუქტების შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ქუთაისურია, არამედ არამატერიალურ შემთხვევებშიც, იქნება ეს ადამიანის ხასიათი, იუმორი, მანერა, სტილი და ა. შ. ერთ-ერთი ქართული სიმღერით ქუთაისის ნიავსაც კი უმღერიან. რა გასაკვირია, რომ იმერეთის ადმინისტრაციული ცენტრის სახელით მოიხსენიონ იმერეთის რეგიონში მოყვანილი ესა თუ ის სოფლის მეურნეობის პროდუქტიც. ზუსტად ასეთი შემთხვევაა 2015 წელს გეოგრაფიულ აღნიშვნად აღიარებული „ქუთაისის მწვანილი“, რომელიც იმერეთის რეგიონის საზღვრებში მოყვანილ სხვადასხვა მწვანილს გულისხმობს. ვანის, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის, ზესტაფონის, ბაღდათისა და თერჯოლის რაიონების თითქმის 50 სოფელს მოიცავს მიკროკლიმატური საზღვრები, რომელიც ადგილობრივი მწვანილის მოყვანისთვის არის საუკეთესო. 

მწვანილის მაღალი ხარისხისთვის გამორჩეულად საჭიროა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. „ქუთაისის მწვანილის“ მიკროზონა იდეალურად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას და იქ მოყვანილი მწვანილი მართლაც განსაკუთრებულია. იმერეთის რაიონებში მწვანილის მწარმოებელს შეუძლია წელიწადში რამდენჯერმე აიღოს მოსავალი. თუ სხვადასხვა სეზონებზე მოყვანილი ამ პროდუქტის გემოს დავაკვირდებით, უნიკალური არომატით საუკეთესო იქნება შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდის მოსავალი, როდესაც აღმოსავლეთის ქარი ბუნებრივ ვენტილაციას ახდენს და გრუნტის წყლების სიახლოვე ნიადაგის ტემპერატურას განაპირობებს. ასევე, სწორედ შენახვის პირობებში, შემოდგომა-გაზაფხულის მწვანილი შეიძლება 1 თვის განმავლობაშიც კი არ გაფუჭდეს. განსაკუთრებული გემოთი, არომატითა და სურნელით გამოირჩევა შემდეგი დასახელების მწვანილი:

ცერეცო – ერთწლიანი მცენარე, რომლის მწვანე ფოთლებს იყენებენ არომატულ საკმაზად და გამოიყენება მწვანილადაც. ცერეცო ითვლება მაღალი კვებითი ღირებულების მქონე ბოსტნეულად.

ოხრახუში – ორწლიანი ბალახი, რომელსაც სამი სახეობა აქვს. ოხრახუშის იდეალური ზრდა-განვითარებისთვის საჭიროა მაღალი ტემპერატურა და თუ ამას დაემთხვა ნიადაგში ტენის ნაკლებობა, ოხრახუშს ემატება ზეთის შემცველობა და მდიდრდება მისი არომატი.
ქინძი – ერთწლიანი მცენარე, რომლის ფოთლებს უმწიფარ მდგომარეობაში გამოარჩევთ სპეციფიკური არომატით. ქინძი გამოიყენება საჭმლის საკმაზ სურნელოვან ბოსტნეულად, და, იშვიათ შემთხვევაში, სუფრაზე, მწვანილად მისართმევად და სამკურნალოდაც.

ნიახური – ორწლიანი მცენარეა, რომელიც გაჯერებულია სასარგებლო ნივთიერებებით, მათ შორის, A, B, PP, C, K ვიტამინებით და გამოირჩევა რკინის, კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფორის, ფოლიუმის მჟავის, ნატრიუმისა და მანგანუმის შემცველობით. ნიახური საჭმელად მოიხმარება ნედლად ან მოხარშული სახით. საქართველოში, უმეტესად, გავრცელებულია მისი ფოთლოვანი ჯიშები. 
იმერეთის რეგიონში მოყვანილი მწვანილი, რომელიც იწარმოება როგორც ღია გრუნტზე, ისე სასათბურე პირობებში, სარგებლობს მაღალი რეპუტაციითა და მოთხოვნით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

გეოგრაფიული აღნიშვნა „ქუთაისის მწვანილი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2016 წლის 1 აპრილს. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები