ჭიათურაში, ჭიათურელი ბავშვების პირველი პედიატრის მემორიალური დაფა გახსნეს

ჭიათურაში მდებარე იმ სახლის ფასადზე, სადაც ჭიათურელი ბავშვების პირველი პედიატრი და ბავშვთა ჯანდაცვის ფუძემდებელი ყარამან ფაღავა ცხოვრობდა, მემორიალური დაფა გაიხსნა.
ცნობილი ექიმი 1924 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ჭიათურაში. აქვე აღზარდა საკუთარი შვილებიც, რის გამოც მისი ვაჟი - ცნობილი პედიატრი და პროფესორი, ირაკლი ფაღავა, ჭიათურას საკუთარ ქალაქად მიიჩნევდა.
“დღეს ჭიათურაში მდებარე იმ სახლის ფასადზე, სადაც ფაღავების ოჯახი ცხოვრობდა, მათ შთამომავალთან, თავადაც ცნობილ პედიატრ, უმცროს ყარამან ფაღავასთან ერთად გავხსენი მემორიალური დაფა, რომელიც მიეძღვნა ამ გამორჩეული ოჯახის სამ დიდ წარმომადგენელს: ექიმ-პედიატრ ყარამან ფაღავას, მის შვილს, ასევე ექიმ-პედიატრ, პროფესორ ირაკლი ფაღავას და მეცნიერ-ირანისტ, პროფესორ კონსტანტინე ფაღავას.
ამ მემორიალური დაფით პატივს მივაგებთ ოჯახს, რომელმაც საკუთარი საქმიანობით დიდი კვალი დატოვა როგორც ჭიათურის, ისე საქართველოს სამედიცინო და სამეცნიერო საქმიანობაში.ჩვენი ვალია, არ დავივიწყოთ ასეთი ადამიანები. დავაფასოთ ქალაქის ცხოვრებაში შეტანილი მათი ღვაწლი და მომავალ თაობებს გადავცეთ.
ფაღავების ოჯახისა და მათი ღვაწლის შესახებ ისაუბრა საქართველოს დამსახურებულმა ჟურნალისტმა, გეოლოგიის დოქტორმა და ჭიათურის საპატიო მოქალაქემ, ივანე ჯაფარიძემ.
პროფესორმა ყარამან ფაღავამ (უმცროსმა) გულწრფელი სიყვარული გამოხატა იმ ქალაქის მიმართ, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პატივი მიაგო მისი ოჯახის საქმიანობას ჭიათურაში,”-ამბობს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე.