ხარაგაულში, უნივერმაღის ყოფილ შენობაში ახალგაზრდული სივრცე მოეწყობა
ხარაგაულში ყოფილი უნივერმაღის შენობის რეაბილიტაცია იწყება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა სოლომონ მეფის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 243 000 ლარია, სამუშაოებს შპს „პარმაღი“ შეასრულებს.
„ეს ხარაგაულისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის პროექტია. ჩვენ ვქმნით სივრცეს, რომელიც ახალგაზრდებს, ადგილობრივ საზოგადოებასა და სტუმრებს გააერთიანებს და მუნიციპალიტეტის განვითარებას ახალ იმპულსს მისცემს,“-აცხადებს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი.
რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ითვალისწინებს შენობის კონსტრუქციულ გამაგრებას, სახურავის სრულ შეცვლას, ფასადის განახლებასა და უკანონო მიშენებების დემონტაჟს.
პროექტის დასრულების შემდეგ ხარაგაულს ექნება თანამედროვე ახალგაზრდული, კულტურული, საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრი — სივრცე ახალი იდეებისთვის, განათლებისთვის, კულტურისთვის, ახალგაზრდული აქტივობებისა და საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მისი საბოლოო დასრულება 2027 წლის 31 აგვისტომდე იგეგმება.





