რეკლამა

კულტურის სამინისტრომ ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა

კულტურის სამინისტრომ ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა

 
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს საჩუქრად ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა.
 
ანსამბლს გადაეცა ცეკვა „ყაზბეგურის“ 16  ჩოხა და ცეკვა „ფარცას“ 12 კაბა, რისთვისაც კულტურის სამინისტრომ გამოყო 12 864 ლარი. ახალი სასცენო სამოსი შეკერა ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“.

2024 წლის ლევილის ქართულ ფესტივალში, რომელიც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მეორედ იმართება, მონაწილეობს ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი. მნიშვნელოვანია, რომ ანსამბლი 2023 წელსაც მონაწილეობდა ლევილის  ქართული ფესტივალის დახურვაში.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქუთაისის ანსამბლი ასევე მონაწილეობას მიიღებს პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინაში „ქართული კულტურის დღეების“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში; ასევე წარდგება ტოკიოში ქართულ ფესტივალზე.

"ა(ა)იპ ქ. ქუთაისის  ფოლკლორის ცენტრის  სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო  აკადემიური ანსამბლი შეიქმნა 2010 წელს. წლების განმავლობაში ანსამბლი იზრდებოდა პროფესიონალურად და დღეს  ქუთაისს ჰყავს მაღალი საშემსრულებლო დონის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ურთულესი რეპერტუარით. მნიშვნელოვანია, რომ ანსამბლი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან.

ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი 14 წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, მართავს სოლო კონცერტებს ქუთაისსა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში:  თბილისში, ბათუმში, ანაკლიაში, ახალციხეში, გუდაურში, წყალტუბოში, ვანში, ოზურგეთში, ზუგდიდში.

ანსამბლი მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებაში.  ქორეოგრაფიული ჯგუფი  იმყოფებოდა საერთაშორისო ფესტივალებზე: 2011 წელს - იტალიის ქალაქ ტრენტოში, 2013 წელს - თურქეთის ქალაქ ბურსაში; საკონცერტო ტურნე ჰქონდათ: 2015 წელს - უნგრეთში, ქუთაისთან დაძმობილებულ ქალაქ სომბათეიში, 2018 წელს - შვეიცარიაში, 2020 წელს - პოლონეთში, 2015, 2017, 2018, 2019 წელს - უკრაინაში.  

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი მონაწილეობდა 2023 წელს საფრანგეთში, ლევილის ისტორიულ მამულში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ ქართული ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალში; ანსამბლმა მუსიკალური ნომრები წარადგინა საქართველო-საფრანგეთის კულტურული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამართულ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და დიპლომატიური კორპუსის საზეიმო მიღებაზე.
მომღერალთა გუნდი თავისი შემოქმედებით წარდგა ბათუმის ფოლკლორისა და სასულიერო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალზე (2011 წ.), 2013 წელს - უკრაინაში, ტერნოპოლის სასულიერო და ფოლკლორის საგუნდო  ფესტივალზე (I ადგილი), 2014 წელს - ლიტვაში, ვილნიუსის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე, 2015 წელს - ვილნიუსში, „თბილისობის“ დღესასწაულზე, 2016 წელს - ფლორენციაში, მონტეკანტინში საგუნდო ფესტივალზე, საირმეში - მუსიკალურ ფესტივალზე „საირმე 2017“, 2019 და 2022 წელს - ზუგდიდში, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე „კოლხი და...“
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში 2019 წელს გაიმართა ვაჟთა გუნდის სოლო კონცერტი. გუნდმა 2022 წელს ტრადიციული მრავალხმიანობის მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა. 2023 წელს მონაწილეობდა გონიოში გამართულ მელიტონ კუხიანიძის სახელობის ქართული ხალხური სიმღერის ფესტივალში, 2024 წელს - ესპანეთის  სამეფოში გამართულ  საერთაშორისო საგუნდო ფესტივალში „მონსერატის ოქროს ხმები“ (გრან-პრი).
2022 წლის დეკემბერში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს მიენიჭა აკადემიური ანსამბლის სტატუსი და 2023 წლის 6 ივლისს გაიხსნა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ვარსკვლავი,"-აცხადებენ კულტურის სამინისტროში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები