რეკლამა

ქუთაისის ოპერის თეატრის რეაბილიტაცია 2025 წლის დასაწყისში დასრულდება

ქუთაისის ოპერის თეატრის რეაბილიტაცია 2025 წლის დასაწყისში დასრულდება

კულტურის მინისტრმა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მასშტაბური სარემონტო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. პროცესს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, ქუთაისის მერ იოსებ ხახალეიშვილთან, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ირინე ლომინაძესთან და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორ გიორგი ვაჩნაძესა და მის მეუღლესთან, პიანისტ კიომი სუგიმურასთან, ერთად გაეცნო.

ამ ეტაპზე დასრულებულია შენობის გადახურვა, მონტაჟდება გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები; მიმდინარეობს ელექტრომომარაგებისა და სუსტი დენების სამონტაჟო სამუშაოები; დაწყებულია სცენისა და საორკესტრო ორმოს ბეტონის ფილის დასხმა;  „შემოქმედებით“ კორპუსში დასრულებულია ახალი კედლების ამოყვანის პროცესი; დაწყებულია გალესვის სამუშაოები; სამაყურებლო დარბაზის სავარძლები კი რესტავრაციის პროცესშია.  

"ქუთაისის ოპერის აღორძინების საჭიროება კულტურის მინისტრის 2021 წლის 15 აპრილს ქუთაისის ოპერის თეატრში  ვიზიტისას გამოიკვეთა, რის შემდეგაც დაიწყო აქტიური მუშაობა არაერთი მიმართულებით. პროექტის მოსამზადებლად, სამინისტროს დაფინანსებით, ჩატარდა თეატრის შენობის ძირეული ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, რომელიც მოიცავდა არქიტექტურულ, კონსტრუქციულ, საინჟინრო, ინტერიერის დიზაინისა და სხვა ნაწილებს.  რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა 2022 წლის 21 ოქტომბერს დასრულდა. 2022 წლის თებერვალში სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია შპს „ჯორჯიან ჰაუსმა“. აკუსტიკის დიზაინისა და ტექნოლოგიური ნაწილის პროექტი, „ჯორჯიან ჰაუსის“ დაკვეთით, საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფინურმა კომპანია „აკუკონმა“ შეიმუშავა, ქუთაისის ოპერის სარემონტო სამუშაოებს კი კომპანია  „ბრიტანია ქონსთრაქშენი“ ასრულებს.
ევროპული სტანდარტების შესაბამის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრს,  რეაბილიტაციის შემდეგ, გამოჩენილი ქართველი მხატვრის, თეიმურაზ (მურაზ) მურვანიძის, შექმნილი ფარდა დაამშვენებს,"-აცხადებენ კულტურის სამინისტროში. 
სარეაბილიტაციო სამუშაოები თეატრში 2025 წლის დასაწყისში დასრულდება.  

ქუთაისის ოპერის აღორძინების პროექტის განხორციელების შედეგად თეატრის შენობა სრულად განახლდება და თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება. ასევე, შესაბამისი ძალისხმევა იდება თეატრის ადამიანური რესურსის გასაძლიერებლად, მაღალი სტანდარტების საშემსრულებლო და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშესაწყობად.


ტეგები:

Facebook - კომენტარები