სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
"ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველთა შორის კონკურსი ყოველწლიურად მაღალია. 2023 წელს ლიცეუმის მისაღებ გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 392-მა მოსწავლემ, მათ შორის 77 გოგო და 315 ვაჟი.
გაცნობებთ, რომ 2023-2024 სასწავლო წლისათვის ლიცეუმში მიიღება 122 მოსწავლე, მათ შორის 98 ვაჟი და 24 გოგონა.
ლიცეუმში მოსწავლის მიღება კონკურსის წესით არის. შესაბამისად ბარიერი წინასწარ განსაზღვრული არ არის. მოსწავლემ უნდა გადალახოს ზოგად უნარებსა და მათემატიკაში დაწესებული ჯამური ქულის 30%-იანი ბარიერი და მოხვდეს ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხობრივი კვოტის მიხედვით შედეგების მაღალ რეიტინგულ სიაში. მოსწავლე გოგონების რაოდენობის შეუვსებლობის შემთხვევაში, მათთვის დადგენილი კვოტა, რეიტინგის მიხედვით შეივსება მოსწავლე ვაჟებით.
თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ჩასარიცხ მოსწავლეთა რაოდენობას დაემატა ადგილები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეთა შვილებისთვის. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის შვილი, რომელიც გადალახავს ზოგადი უნარებისა და მათემატიკის გამოცდაში 30%-იან ბარიერს რეიტინგული სიის გარეშე ჩაირიცხება ლიცეუმში.
გამოცდების შედეგების მიხედვით, ლიცეუმში ჩასარიცხად შერჩეული მოსწავლეები, გაივლიან სამედიცინო შემოწმებას. თუ რომელიმე მოსწავლე სამედიცინო შემოწმების შედეგად მიიღებს უარყოფით პასუხს, ის ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს და მას ჩაენაცვლება რეიტინგით მომდევნო მოსწავლე,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.