ქუთაისელი გიდებისთვის თემატური ტური და სამუშაო შეხვედრა გაიმართა
იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ ქუთაისელი გიდებისთვის თემატური ტური და სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მთავარ მიზანს რეგიონის ტურისტულ პროდუქტებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება და ინოვაციური აპლიკაციის - „ფანტომები - არაჩვეულებრივი გამოფენა“ - პრაქტიკული გაცნობა წარმოადგენდა.
DMO იმერეთის ინიციატივით შექმნილი AR (გაფართოებული რეალობის) აპლიკაცია ქალაქის ისტორიულ ნაწილს ინტერაქტიულ სივრცედ გარდაქმნის. პროექტი მოიცავს 10 სტრატეგიულ ზონას, სადაც მაღალმხატვრული ვიზუალიზაციის მეშვეობით ცოცხლდება ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობა.
შეხვედრის ფარგლებში გიდებმა დეტალურად გაიარეს ათივე ლოკაცია და გაეცნენ ვირტუალურ ექსპოზიციას. მათ აითვისეს აპლიკაციის გამოყენების სპეციფიკა, რაც საშუალებას მისცემს ტურისტებს შესთავაზონ სრულიად ახალი, მაღალტექნოლოგიური გამოცდილება.
ტურს მოქმედი გიდი თამარ მელია უძღვებოდა, რომელმაც კოლეგებს პროექტის პრაქტიკული გამოყენების თავისებურებები გაუზიარა.
“მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ქუთაისის, როგორც თანამედროვე და ტექნოლოგიურად განვითარებული ტურისტული ცენტრის პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სერვისების ხარისხის ამაღლებასა და გიდების პროფესიულ მხარდაჭერაზე, რათა იმერეთის სტუმრებმა მიიღონ მაქსიმალურად საინტერესო და მრავალფეროვანი შთაბეჭდილებები,”-აცხადებენ DMO იმერეთში.





