რეკლამა

გერგეტის სამებას რეაბილიტაცია უტარდება

გერგეტის სამებას რეაბილიტაცია უტარდება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით  მიმდინარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - გერგეტის სამების სარეაბილიტაციო სამუშაოები.  

უკვე შეიცვალა ტაძრის გუმბათის სპილენძის საფარი და სარკმლები. 

სამუშაოები გაზაფხულზე განახლდება. დაგეგმილია: ტაძრის კალთებზე სპილენძის საფრის შეცვლა; კედლის ქვის წყობის კონსერვაცია ტაძრის ექსტერიერსა და ინტერიერში; ეზოში ტაძრის პერიმეტრის გარშემო ნალექების გადაყვანის სისტემის მოწესრიგება; სამრეკლოს გუმბათის ლორფინის სახურავის გაწმენდა და მასზე ახალი სპილენძის სახურავის მოწყობა; ქვებს შორის არსებული ნაკერების გასუფთავება და ამოვსება.

2024 წლის 17 სექტემბერს  გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს „ტაძარი +“. ძეგლის რეაბილიტაციისთვის სააგენტომ  679 058 ლარი გამოყო. 

ინფორმაციისთვის: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გერგეტის სამების კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „ჯავა კონსტრაქშენთან“, ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ ცალმხრივად შეწყვიტა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო და გამოაცხადა ახალი ტენდერი. ამასთანავე, სააგენტომ კომპანიას პირგასამტეხლოს გადახდაც დააკისრა. 

გერგეტის სამება ერთადერთი გუმბათოვანი ტაძარი და, ამავე დროს, ყველაზე დიდი ეკლესიაა ხევში. ის არის ხევის მთავარი სალოცავი. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო (XIV ს.) და საბჭეო (XV ს.).


ტეგები:

Facebook - კომენტარები