საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დახმარებით, სტუდენტური დასაქმების პროგრამის ფარგლებში, გერმანიაში დასაქმების მსურველმა ქართველმა სტუდენტებმა, რომლებიც დამსაქმებლებმა მოატყუეს, გადახდილი თანხა უკან დაიბრუნეს.
პროფკავშირების ინფორმაციით, სტუდენტური დასაქმების პროგრამის ფარგლებში, გერმანიაში დასაქმების მსურველმა ქართველმა სტუდენტებმა დახმარებისთვის შუამავალ კომპანიას მიმართეს. მომსახურების საფასური 100-დან 200 ევრომდე გადაიხადეს და ეტაპობრივად გაემგზავრნენ.
"თავდაპირველად, დამსაქმებელმა კომპანიამ 2023 წლის 18 ივლისს ქალაქ ბრემენში 2 სტუდენტი გაუშვა. ადგილზე ჩასულებს არც დაპირებული საცხოვრებელი დახვდათ და არც – სამსახური. სტუდენტებს ღამის გათენება იაფფასიან სასტუმროებში, საკუთარი ხარჯებით უწევდათ. შუამავალი კომპანიის დირექტორი მათ სხვადასხვა სახის სამუშაოზე დასაქმებას გამუდმებით პირდებოდა, თუმცა, რეალურად მათთვის სამუშაო ადგილები არ მოიძებნა.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ორი სტუდენტის პრობლემების შესახებ შუამავალი კომპანია ინფორმაციას ფლობდა, ქ. ბრემენში დასაქმების მიზნით, კიდევ ოთხი სტუდენტი გაგზავნა. საბოლოოდ, სამუშაოს მოძიება ვერცერთმა სტუდენტმა შეძლო. რის შემდეგაც ყველა მათგანი გერმანელი დამსაქმებლის კუთვნილ საცხოვრებელში გადაიყვანეს.
საცხოვრებელი ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის ცხოვრებისთვის აუცილებელ მინიმალურ სტანდარტს. სტუდენტებს რიგრიგობით ძილი უწევდათ, რადგან, ადგილზე საკმარისი საწოლიც კი არ იყო. რასაკვირველია, მუშაობის მიზნით, საკუთარი ქვეყნიდან წასულ ახალგაზრდებს ფინანსური რესურსი ფაქტობრივად არ გააჩნდათ, ამიტომ, იძულებული იყვნენ ასეთ პირობებში დროებით გაჩერებას დათანხმებოდნენ.
ყველანაირი იმედის გადაწურვის შემდეგ, სტუდენტები გერმანელი დამსაქმებლის ოფისში მივიდნენ და დაპირებული სამუშაო მოითხოვეს. დამსაქმებელი გაღიზიანდა და პოლიცია გამოიძახა. ასევე, მათგან, მის კერძო საკუთრებაში არსებული ოფისის ეზოს ტერიტორიის დატოვება მოითხოვა.
სტუდენტები ვერაფერს გახდნენ და იძულებულები იყვნენ ისევ საკუთარი ხარჯებით, საქართველოში დაბრუნებულიყვნენ.
იმედგაცრუებულებმა დახმარების თხოვნით პროფკავშირების გაერთიანებას 4 აგვისტოს მომართეს. პროფკავშირები შუამავალ კომპანიას დაუკავშირდა.
თავდაპირველად, კომპანიის დირექტორი წინამდებარე ვალდებულების შესრულებაზე სრულად აცხადებდა უარს. ამტკიცებდა, რომ საქმე მხოლოდდამხოლოდ გერმანული მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობასთან გვქონდა.
პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა, ყველა საჭირო დოკუმენტაცია მოაგროვა და კომპანიის დირექტორს დაუსაბუთა, რომ მისი მხრიდან ადგილი ნამდვილად ჰქონდა დაკისრებული ვალდებულებების თავიდან არიდებას/შეუსრულბლობას. მოლაპარაკებები გაგრძელდა. დასაქმების სააგენტომ ვალდებულების სრულად შესრულებისთვის 18 თვიანი ვადა ითხოვა, თუმცა, პროფესიული კავშირების გაერთიანების აქტიური ჩართულობითა და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, შუამავალი კომპანიის წარმომადგენელმა სანოტარო აქტით სრულად აღიარა და შეასრულა ექვსივე სტუდენტის მიმართ არსებული ვალდებულები. მათ გაღებული ხარჯები სრულად აუნაზღაურდათ.
სტუდენტების წარმომადგენლობას საქართველოს პროფესიული კავშირების იურისიტი გაგი მელიქიძე ახორციელებდა,"-აცხადებენ პროფკავშირებში.