გარემოს დაცვის სამინისტროსთან მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" აქციას მართავს. მოთხოვნას რაჭის ტყეების ლიცენზიის გაუქმება წარმოადგენს.
"მაუწყებლის" ინფორმაციით,
მოქალაქეებს შინაგან სამინისტროს წარმომადგენლები შენობის ეზოში შესვლის საშუალებას მთავარი შესასვლელიდან არ აძლევენ.
პოლიციის წარმომადგენლების თქმით, აქციის მონაწილეებს ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ გვერდითა ტერიტორიიდან გაკეთებული თხრილის საშუალებით შეეძლებათ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.
აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს. სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას,"-აცხადებენ უწყებაში.