16 დღე დამანგრეველი სტიქიიდან- შოვში სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. ამ დრომდე მაშველები ექვს დაკარგულს ეძებენ. კიდევ ერთი ცხედარი გუშინ იპოვეს- ბოლო მონაცემებით, სტიქიას რაჭაში 27 ადამიანი ემსხვერპლა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, ძებნის არეალი გაფართოვდა.
მისივე განცხადებით, ყველა მდინარის კალაპოტი, რომელიც ღვარცოფულ ხასიათს ატარებს,პრევენციის მიზნით, გაწმენდილი იქნება.
"ძებნის არეალი გაფართოებულია, ამბროლაურამდე არის ჩასული და დაემატა მძიმე ტექნიკა, რომელიც უკვე კალაპოტშია ჩასული. მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება ყველა შესაძლო ადგილის მოძიება. მდინარე დღვიორაზე არის დაწყებული გაწმენდითი სამუშაოები ეს, რა თქმა უნდა, პრევენციის მიზნით ხდება და ყველა მდინარე, რომელიც ღვარცოფულ ხასიათს ატარებს ის კალაპოტებიც იქნება გაწმენდილი", - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.