რეკლამა

რას ჰყვება შოვის ტრაგედიაზე მოხალისე, რომელიც ხალხის გადარჩენას ცდილობდა?

რას ჰყვება შოვის ტრაგედიაზე მოხალისე, რომელიც ხალხის გადარჩენას ცდილობდა?

03.08.2023 - ეს დღე შოვში დატრიალებული ტრაგედიის, ადამიანების გარდაცვალების თარიღად იქცა... თორნიკე მაცაბერიძე მთამსვლელია. ის ამბროლაურში, სოფელ ველევში ცხოვრობს. როგორც კი მომხდარის შესახებ გაიგო, ძმასთან, მეკლდეურ გიორგი მაცაბერიძესთან ერთად შოვში ადამიანების დასახმარებლად წავიდა. თორნიკე თავად გვიამბობს, როგორია ერთი ადამიანის თვალით დანახული ტრაგედია, ნანახი ადამიანური ამბები და განცდილი ემოციები.

- ჩემი სახლიდან შოვამდე საათნახევრის სავალი გზაა. ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია ცოტათი მოგვიანებით გავიგე, არ ვიცოდი, რამდენად მასშტაბური იყო, ადამიანებს დახმარება რამდენად ესაჭიროებოდათ, მაგრამ მე და გიორგი მაინც წავედით, ინფორმაციას პერიოდულად გზად ვეცნობოდით. შევიტყვეთ, რომ ვერტმფრენს ითხოვდნენ. ჩვენ ტექნიკური აღჭურვილობა გვაქვს, თავად მთამსვლელი ვარ, გიორგი მეკლდეურია და შეგვეძლო ზიპლაინი გაგვეკეთებინა, ადამიანები ერთი ნაპირიდან მეორეზე ამ ფორმით გადმოგვეყვანა. სპეციალური თოკი, სასროლი შურდული და ყველანაირი აღჭურვილობა წავიღეთ. გზად სამაშველო ჯგუფები შეგვხვდნენ. თანდათან ვრწმუნდებოდით, საქმე რამდენად რთულად იყო. 6 საათი სრულდებოდა, სოფელ გლოლაში რომ მივედით და ვერტმფრენიც ზუსტად ამ დროს მოვიდა, გლოლაში დაჯდა და მაშველები ჩაისვა. გზა გავაგრძელეთ, გვინდოდა, როგორმე "სანსეტ შოვს" გავსწორებოდით. ვიცოდით, ვერტმფრენი რომ მივიდოდა, ღამე ვერ იმუშავებდა, მაგრამ ჩვენ ზიპლაინს გავმართავდით და ადამიანებს დავეხმარებოდით, ასეთი წარმოდგენა და ჩანაფიქრი გვქონდა. დიდი ნაწილი ტყეზე ვიარეთ.

- იქ არავინ შეგხვდათ?

- მაშველები შეგვხვდნენ. გვითხრეს, სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს უკვე გადასულები ვიყავითო, ტყეში ბალახიც გათელილი იყო. იმ ადგილს, სადაც სტიქია მოხდა, ძალიან კარგად ვიცნობ, ბევრჯერ ვარ ნამყოფი. დავინახე, რამდენიმე შენობის გარდა, შოვი აღარ იყო, ყველაფერი წყალს და მეწყერს წაეღო. მაშველები იდგნენ და ფიცრებს ალაგებდნენ, იმ ლაფში ბილიკი რომ გაეკეთებინათ. გვითხრეს, "სანსეტ შოვს" რომ გასცდებით, იქ ძალიან ბევრი ადამიანიაო. არ ვიცოდით, ისინი როგორ მდგომარეობაში იყვნენ. წავედით და ყოფილი სამხედრო სანატორიუმის მიმდებარედ, სადაც ფესტივალი ტარდებოდა, არაფერი იყო შეცვლილი, იქ მყოფებს არაფერი შეხებოდათ, მხოლოდ ხმა გაიგეს, ბუბას ხეობიდან და გზის ჩაწყვეტის გამო, სამყაროს იყვნენ მოწყვეტილები. ჩვენ კონტაქტზე ვიყავით მაშველებთან. პირველი იქ ამბროლაურის სამაშველოს ბიჭები იყვნენ მისულები. მიმდებარე ტერიტორია მოვიარეთ, დავათვალიერეთ, სადმე ვინმე ხომ არ იმყოფებოდა. ტყეში საერთოდ არავინ იყო, ამ დღეს ბევრი ყალბი ინფორმაცია გავრცელდა.

იმ მშვიდობით გადარჩენილებს შორის, ერთ-ერთს დრონი ჰქონდა, ააფრინა და კადრებით გაირკვა, რომ მდინარის ხეობაში 7 ადამიანი იმყოფებოდა. ეს კადრები მაშველებსაც გადავუგზავნეთ და ნახეს. ღამე იქ დავრჩით, წვიმა დაიწყო, დაველოდეთ გათენებას. ამასობაში თბილისიდან და ქუთაისიდან წამოსული მოხალისეებიც ამოვიდნენ. როგორც კი გათენდა, მდინარეზე გადასასვლელი მოვძებნეთ, ერთ ადგილზე ხე იყო ჩახერგილი, რომელიც იმდენად პრიალა გახლდათ, ფეხით ვერ გადავივლიდით, ამიტომ დავჯექით და ისე გადავედით. თოკიც გაჭიმული გვქონდა, ვინმე წყალში რომ ჩავარდნილიყო, მოსჭიდებოდა და დინებას არ წაეღო. ბოლოს ორი ადამიანი მოვიდა და იმ სლიპინა ხეზე ფეხით გადმოვლა დააპირეს. დავუყვირეთ, რომ არ შემდგარიყვნენ, მაგრამ არ გაიგონეს, ისეთი წაშლილი სახეებით იყურებოდნენ, რომ შეხედავდი, მიხვდებოდი, დასაკარგი ბევრი აღარაფერი ჰქონდათ. ამ ორიდან ერთ-ერთი მდინარეზე ისე გადავიდა, მგონი, ვერც ვერაფერს ხედავდა. მეორე მხარეს იდგა და ადამიანების სახელებს ჰყვიროდა, დაკარგულ ახლობლებს ეძახდა, მაგრამ... ეს ურთულესი სანახავი იყო.

ჩვენ ფიცრებისგან ბილიკების გაკეთება დავიწყეთ, ეს კაციც მოვიდა, ყველაზე მეტს შრომობდა.

- ტკივილით სავსე, ასეთი ადამიანური ამბები ალბათ მრავლად ნახე...

- სამი ბიჭი ამოვიდა, მეგობარს ეძებდნენ; იცოდნენ, რომ ერთ-ერთ კოტეჯში ისვენებდა. გვითხრეს, მისი კოტეჯიდან "სანსეტ შოვი" ჩანდაო. ფოტო რომ გვანახვეს, მივხვდით, ის ადგილი წაღებული იყო. ჩვენ ბილიკების გასაკეთებლად, ფიცრებს კოტეჯებიდან ვიღებდით. ერთ-ერთი კოტეჯის ნარჩენში, იმ სამმა ბიჭმა რაღაც ნივთი შენიშნა. მკითხეს, მანდ რა არისო? გამოვიღე და მათი დაკარგული მეგობრის ჟილეტი აღმოჩნდა. შეხედეს თუ არა, იცნეს. ამით ის გავიგეთ, რომ სწორედ მათი მეგობრის კოტეჯი იყო. იქვე მაშველები იყვნენ და მათ თქვეს, ჩვენ ჩანთა ვიპოვეთ და ჩანთაში პირადობის მოწმობა იდოო, ამ შემთხვევაშიც იგივე პიროვნება აღმოჩნდა, რომელსაც ეს ბიჭები ეძებდნენ. მოგვიანებით მისი ქურთუკიც ვიპოვეთ. ეს იყო ძალიან რთული საყურებელი, როგორ ეძებდნენ, როგორ განიცდიდნენ და თან ხმამაღლა ფიქრობდნენ: გადარჩებოდა? ტყეში ხომ არ არის? აქედან გასვლას შეძლებდაო?.. ამ დროს ადამიანი რით უნდა ანუგეშო? ისინიც რეალობას ნელ-ნელა იღებდნენ. იქ გადარჩენის შანსი მართლა ძალიან მცირე იყო. მოგვიანებით ამ ბიჭის ცხედარი იპოვეს და ამოიცნეს...

- გამორჩეულად კიდევ რა გახსენდება?

- როდესაც მე და ჩემი ძმა შოვისკენ მივდიოდით, არ ვიცოდით, რეალურად იქ როგორი სიტუაცია იყო, სოციალურ ქსელში პოსტი დავდე, ვინმეს დაკარგულებზე ინფორმაცია თუ გაქვთ, მითხარით-მეთქი და ჩემი და გიორგის ნომრები მივუთითე. ბუბას მყინვარზე სალაშქრო მარშუტი არის, სადაც ნამყოფი თავადაც ვარ, ტურისტი მყავდა წაყვანილი. რაჭაში, უძირო ტბის შემდეგ, ეს ყველაზე პოპულარული მარშრუტია. ვფიქრობდი, ამ მარშრუტის ნაწილი ზუსტად იმ მდინარეზე გადის, საიდანაც ნიაღვარი წამოვიდა. იქ ვინმე თუ იქნებოდა, გადარჩენის შანსი არ იყო, მაგრამ ზემოთ ტყის ნაწილში ვინმე თუ მოჰყვა, ის გზის გარეშე იქნებოდა დარჩენილი, თან იმ ტერიტორიის რაღაც ნაწილში ტელეფონიც არ იჭერს. ვფიქრობდი, იქნებ რომელიმე მოლაშქრეც არის ჩარჩენილი-მეთქი, უცხოელების კემპინგის ჯგუფებშიც ვარ და იქაც დავპოსტე. მერე ვითარება მკვეთრად შეიცვალა, აღმოჩნდა, რომ ბევრ ადამიანს ეძებენ, ბევრი ტელეფონზე აღარ პასუხობდა.

ჩემი პოსტი ზოგიერთმა ისე გაიგო, თითქოს დაკარგულების შესახებ ინფორმაცია მქონდა. მირეკავდნენ, სახელს და გვარს მეუბნებოდნენ და მეკითხებოდნენ, ეს ადამიანი ხომ არ გინახავს? 3 საათის შემდეგ ტელეფონს არ პასუხობს და იქნებ იმ 150 ადამიანს შორის იყოს, რომლებიც ზემოთ არიან, გადარჩენილები, უსაფრთხოდო. ყველა ფიქრობდა, რომ თავისი ახლობელი იმ 150 კაცს შორის იქნებოდა. მე და გიორგიმ კარგად ვიცოდით, იქ ვინც იყო, დალაპარაკებას ყველა შეძლებდა, ყველა კარგ პირობებში იყო, ყველას ტელეფონი ჰქონდა. თეორიული შანსი იმისა, რომ დაკარგული ადამიანი არ არის გასაჭირში და არის უსაფრთხო ადგილზე, ფაქტობრივად არ იყო. ამ დროს ოჯახის წევრებს ვინ არ დაურეკავდა და არ ეტყოდა, კარგად ვარ და არ ინერვიულოთო?! ჩვენი მხრიდან ეს როგორი სათქმელი იქნებოდა? გამორჩეულად მახსოვს ერთი ბიჭი, გოგოს სახელს და გვარს მეუბნებოდა, - გამარკვევინეთ, იქნებ ზემოთ იყოს და ტელეფონი გაეთიშაო. მას ვუთხარი, იქ ისეთი სიტუაციაა, ტელეფონის დატენა და დარეკვა ყველას შეუძლია-მეთქი. იმ ბიჭს ხმა გაუტყდა... თითქოს რეალობას შევაჯახე. ვცდილობდი, გარეთ მყოფი ადამიანებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რომ იქ მშვიდობა არ იყო. ზოგიერთი სოციალურ ქსელში წერდა, რამე კარგი გვითხარით, ამდენ ნეგატივს ნუ წერთო. კარგი რა იყო სათქმელი? შოვი გაქრა. ერთი პერიოდი უაზრო სიმშვიდემ დაისადგურა.

- როგორ ფიქრობ, კრიზისულ სიტუაციაში სახელმწიფომ ძალის მობილიზება დროულად მოახდინა?

- რა თქმა უნდა, დროულად არ მომხდარა. წარმოიდგინე, მე და გიორგიმ ეს ამბავი გვიან გავიგეთ, მერე ჩვენი სოფლის გზა გაფუჭებულია და ვიწვალეთ, ერთ ადგილზე მანქანით ძლივს ამოვედით, დრო დავკარგეთ და ჩვენ რომ მივედით, მაშინ მოვიდა ვერტმფრენი. 4-საათიანი შუალედია. ქვეყანას სამაშველო ვერტმფრენი არ ჰყავს, არ გვყავს მორიგე პილოტი, მაშველი ჯგუფი, რომელიც ეგრევე ჩაჯდება და გადაფრინდება. როდესაც ზარი შედის, ამის შემდეგ სამაშველო სამსახური უნდა დაუკავშირდეს სასაზღვრო პოლიციას, შემდეგ ის უნდა დაუკავშირდეს თავის პილოტს. როგორც ჩანს, მორიგე პილოტი მათაც არ ჰყავთ... შემდეგ როდის გამართავენ ძველ შვეულმფრენს, ვინ იცის და ამასობაში ძალიან დიდი დრო იკარგება. მენეჯმენტზე მაქვს ლაპარაკი, თორემ მაშველებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თავი არ დაუზოგავთ. ერთ-ერთი პირველები ამბროლაურიდან გადასული მაშველები იყვნენ, რომლებიც 6 საათზე უკვე ბილიკებს აკეთებდნენ ხალხის გამოსაყვანად. იმხელა მასშტაბის კატასტროფა იყო, თავს ვერ დავდებ, უფრო დროული რეაგირება რომ მომხდარიყო, ეს სურათს რამდენად შეცვლიდა. იმ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ და მათ, ვინც აქამდე დაკარგულად ითვლება, ალბათ არაფრის დრო არ ჰქონდათ, ყველაფერი წამებში მოხდა. გადარჩენილები ლაპარაკობდნენ, - ხალხს ვუყურებდით, წამში როგორ გაქრნენო. იმას, რომ ქვეყანას არ ჰყავდეს სამაშველო შვეულმფრენი და მორიგე პილოტი, არანაირი გამართლება არ აქვს. ჩემი ინფორმაციით, მეორე დღეს აღარავინ გადაურჩენიათ. შოვში პოზიტიურ ემოციასთან კავშირი ნაკლებად მქონდა, უიმედობაში მივედი.

- ბევრი მოხალისე იყავით?

- მე მეტს ველოდი. იყო მომენტი, როდესაც 40 მაშველს მხოლოდ 4 მოხალისე ვეხმარებოდით. როგორც თქვეს, მოხალისეებს არ უშვებდნენ. ყველანი რომ გამოეშვათ, ალბათ ამას აღარ ვიტყოდი.

სოციალურ ქსელში ჩემზე და გიორგიზე წერდნენ, მაშველებს მიასწრესო. ასე არ ყოფილა, ტყუილია, ხალხს აერია. წერდნენ, ამ ბიჭებმა ხალხი გადაარჩინესო. ძალიან გვინდოდა, ვინმე გადაგვერჩინა, მაგრამ იქ სხვა რეალობა დაგვხვდა, ჩვენ ამის საშუალება და ბედნიერება არ გვქონია.


ტეგები:

Facebook - კომენტარები