რეკლამა

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სამუშაოზე ტრავმა მიიღეთ და დამსაქმებელი ვიდეო მტკიცებულებების გადმოცემაზე უარს გეუბნებათ

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სამუშაოზე ტრავმა მიიღეთ და დამსაქმებელი ვიდეო მტკიცებულებების გადმოცემაზე უარს გეუბნებათ

შპს „ევოლუშენ ჯორჯიაში“ ბანქოს მჩეხავის პოზიციაზე დასაქმებული ხატია გოგოლაძისთვის დამსაქმებელს სამუშაო ადგილზე დაშავების ამსახველი ვიდეო მტკიცებულებების გადაცემა მხოლოდ მას შემდეგ დაევალა, რაც დასაქმებულმა პროფკავშირის მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა.

ყველაფერი 2023 წლის 09 ოქტომბერს დაიწყო. ახალგაზრდა ქალს კომპანიის ერთ-ერთი შენობის ფოიეში სველ იატაკზე ფეხი აუცურდა, დაეცა, თავი დაარტყა და გონება დაკარგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, წყალი მაცივრიდან იყო გამოჟონილი, თუმცა, ადგილზე არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი არ ყოფილა. ხელმძღვანელმა პირებმა სასწრაფო დახმარება ხატიას დაცემიდან დაახლოებით 50-55 წუთის შემდეგ გამოიძახეს. ბრიგადა კი გამოძახებიდან დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ გამოცხადდა. კლინიკაში დაისვა დიაგნოზი: ტვინის შერყევა და დაჟეჟილობა მუხლის არეში. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები.

ხატია გოგოლაძემ მიიჩნია, რომ ტრავმა სამუშაო ადგილზე დამსაქმებლის მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო მიიღო. ქალმა გადაწყვიტა, ჯანმრთელობის დაზიანების გამო მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართოს. დავის მიზნებისთვის მას ესაჭიროებოდა მტკიცებულებები, რომლებიც მის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ ხელთაა. ამიტომ 2023 წლის 25 ოქტომბერს  დამსაქმებელს განცხადებით მიმართა. შპს „ევოლუშენ ჯორჯიამ“ ხატია გოგოლაძეს მოთხოვნილი დოკუმენტაციის ასლები გადასცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხატიამ საჩივრით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა, ხოლო დაშავების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის გადაცემაზე უარი განუცხადა. უარის მიზეზად კი დაასახელა, რომ ჩანაწერში მესამე პირებიც ჩანდნენ და მათი თანხმობის გარეშე ვერ გასცემდა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დამსაქმებლის არგუმენტი არ გაიზიარა და 05 აპრილის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები იძლევა შესაძლებლობას, ზედმეტი დანახარჯების გარეშეც კი ისე დამუშავდეს ჩანაწერი, რომ დაიფაროს სხვა პირთა გამოსახულება. სამსახურმა, ასევე, დასაბუთებაში მიუთითა რუმინეთის საზედამხედველო ორგანოს მსგავს გადაწყვეტილებაზე[1] და შპს ევოლუშენ ჯორჯიას დაავალა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დასაქმებულს გადასცეს სამუშაო ადგილზე მისი დაშავების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი მესამე პირთა გამოსახულების დაფარვით.

გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია დასაქმებულებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ სამუშაო ადგილზე არცთუ იშვიათად ხდება ინციდენტები, რომლებიც მოიცავს: საწარმოო ტრავმას, შევიწროებას, კონფლიქტს ან სხვა ფაქტებს, ისინი ასახულია ვიდეო ჩანაწერებზე და მათ გადაცემაზე კომპანია უარს აცხადებს მესამე პირთა მონაცემების გამო. ამ ჩანაწერებს, როგორც მტკიცებულებებს, ხშირად სასამართლო დავებში არსებითი მნიშვნელობა აქვს. მათი დროული მოპოვება გადამწყვეტია, რადგან სასამართლოში საქმის განხილვისას კომპანიამ შესაძლოა განაცხადოს, რომ დიდი დროის გასვლის გამო ჩანაწერი განადგურებულია ან ჩანაწერი წარმოადგინოს არასრულყოფილად, სადავო ფაქტის ამსახველი კადრების გარეშე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში საქმის წარმოება მხოლოდ 2 თვე გრძელდება, სასამართლო დავა კი გაცილებით ხანგრძლივი პროცესია. შესაბამისად, მტკიცებულებების მოპოვების მიზნით დამსაქმებლის წინააღმდეგ სამსახურისთვის მიმართვა ეფექტიანი (და, ამავდროულად, უფასო) საშუალებაა.

ხატია გოგოლაძის ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს. იგი გაერთიანების დარგობრივი ორგანიზაციის, „ლაბორის“ წევრია.


ტეგები:

Facebook - კომენტარები