იმერეთის რეგიონში მცხოვრები 12-დან 18 წლამდე მოზარდები უფასოდ ისწავლიან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ქუთაისში „თუმოს“ ტექნოლოგიებისა და შემოქმედებითი განათლების ცენტრი გახსნეს.
„თუმოს“ პირველი ცენტრი „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით დაარსდა და 12-დან 18 წლამდე მოზარდებს თანამედროვე ტექნოლოგიური და შემოქმედებითი განათლების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.
საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიური და კრეატიული ინდუსტრიებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის - პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას, ფოტოგრაფიას, კინოგადაღებას, მუსიკას, ხატვასა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (Generative AI) საფუძვლებს. აღნიშნული მიმართულებები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მრავალმხრივ განივითარონ, როგორც ტექნიკური, ისე შემოქმედებითი კომპეტენციები და პრაქტიკული გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ პირობებში მიიღონ.
„თუმო ქუთაისში“ სწავლა სრულად დაფინანსებულია, რაც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.





