ხარაგაულის მერიაში რეორგანიზაცია იწყება
ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მთავარი თემა მუნიციპალიტეტში დაგეგმილი რეორგანიზაციის პროცესი იყო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი, აგრეთვე ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა გოლუბიანი. მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც სტრუქტურული ერთეულების გაერთიანებასა და ახალი ადმინისტრაციული მოდელის ფორმირებას უკავშირდება.
„მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტში იწყება რეორგანიზაციის პროცესი, დადგენილია მესამე კატეგორიის მუნიციპალიტეტებისთვის თანამშრომელთა ოპტიმალური რაოდენობა, რაც გვავალდებულებს, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მივუდგეთ ადმინისტრაციული რესურსების გადანაწილებას. ვიწყებთ მუშაობას ახალი სტრუქტურის პროექტზე, სადაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული სამსახურები, განყოფილებები და მათი ფუნქციური მიმართულებები.
ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია კვალიფიციური კადრების შენარჩუნება, მათი შესაძლებლობების სწორად გამოყენება და სამართლიანი, ობიექტური პროცესის უზრუნველყოფა. რეორგანიზაციის ფარგლებში არ იქნება პერსონალური მიდგომები თითოეული გადაწყვეტილება მიმართული იქნება სისტემის გაუმჯობესებისკენ, სიახლეების დანერგვისა და მუნიციპალიტეტის განვითარებისკენ.
ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთ საქმეს ვემსახურებით — ხარაგაულის განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობას.ჩვენ მოსახლეობას დავპირდით უფრო ეფექტურ, მოქნილ და შედეგზე ორიენტირებულ მმართველობას და ეს პროცესი სწორედ ამ მიზანს ემსახურება,"-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.
შეხვედრა სამუშაო ფორმატში გაგრძელდა, სადაც მერის მოადგილეებმა საკუთარი მოსაზრებები და ხედვები წარმოადგინეს.
"მინდა, თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს განცდა, რომ ამ პროცესში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა იქნება თქვენი მხარდამჭერი და თანამგრძნობი. მნიშვნელოვანია, ყველა გადაწყვეტილება მივიღოთ გონივრულად, პასუხისმგებლობითა და მუნიციპალიტეტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. გთხოვთ, აქტიურად ჩაერთოთ პროცესში და წარმოადგინოთ თქვენი ხედვები,“ - მიმართა მერის პირველმა მოადგილემ ,ვარლამ ჭიპაშვილმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს .
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პირველ ეტაპზე რეორგანიზაცია შეეხება მერიას, ხოლო შემდგომ ეტაპზე განიხილება ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის საკითხიც.





