დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

31 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანმა - British Airways-მა დაიწყო და დღეიდან ერთმანეთს ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით ლონდონი და თბილისი დაუკავშირდნენ.
ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.
British Airways-ის A320 ტიპის ხომალდი, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, 150 მგზავრით, ცოტა ხნის წინ დაეშვა. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ოფიციალური მიღება გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოში ბრიტანეთის ელჩი გარეთ უარდი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და British Airways-ის მენეჯმენტი დაესწრნენ.
ავიაკომპანია ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.
British Airways-ი American Airlines-თან ერთად, გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის, OneWorld-ის თანადამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე უმსხვილესი გაერთიანებაა SkyTeam-ის და Star Alliance-ის შემდეგ.
American Airlines-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა British Airways-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით.
British Airways-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.