ჭიათურის სოფელ ხრეითში სახალხო დღესასწაული “ხრეითობა 2025” გაიმართა
ჭიათურის სოფელ ხრეითში სახალხო დღესასწაული “ხრეითობა 2025” გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა შეჯიბრებები ფეხბურთში, მკლავჭიდში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბაგირის გადაწევაში. ასევე, მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
ღია ცის ქვეშ შეკრებილების წინაშე კულტურის ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივები წარსდგნენ.
“როცა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ულამაზესი და უნიკალური სოფელი ხრეითი, რომელიც ჭიათურიდან 15 კილომეტრში მდებარეობს და ამასთანავე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება.
ლაშქრობისა და ექსტრიმის მოყვარულებს ხრეითი განსაკუთრებით იზიდავს, რადგან სწორედ აქ ნახავთ მიწაძიგძიგას ტბას. ტბიდან დაახლოებით ათი წუთის სავალზე მდებარეობს ბუნების ხელთუქმნელი საოცრება - მოქანავე ლოდი, ხოლო თუ ბუჯას ხეობას ქვემოთ ჩაუყვებით, აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას ულამაზესი ტბა - შემორევა.
ხრეითში მდებარეობს ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლების - ალექსანდრა, ალიოშა და სიმონ ჯაფარიძეების სახლ-მუზეუმი.
სწორედ ჯაფარიძეების სახლ-მუზეუმის დიდებულ ეზოში გაიმართა სახალხო დღესასწაულის დასკვნითი ნაწილი.
ხრეითის მაჟორიტარ კანდიდატთან, ემზარ მიქაცაძესთან, მერის წარმომადგენელთან, არჩილ ჯაფარიძესთან ერთად დავაჯილდოვეთ სპორტულ შეჯიბრში გამარჯვებულები, ასევე, ღვაწლმოსილი პედაგოგები, ხრეითის საუკეთესო მეწარმე და ხრეითის სკოლის კურსდამთავრებული გოგონა, რომელმაც წელს წარმატებით ჩააბარა და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა.
“ხრეითობის” დღესასწაული პირველად 2022 წელს ჩატარდა. ეს დღესასწაული პირადად დავაარსე, რითაც განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან მიმაჩნია, რომ სოფლის სახალხო დღესასწაული მნიშვნელოვანია ადგილობრივი ტრადიციების, კულტურისა და საზოგადოებრივი ერთობის შესანარჩუნებლად,”-ამბობს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე.





