რეკლამა

"ფსიქოლოგიური ტერორი არ გვაძლევს თავისუფლად არსებობის საშუალებას"

"ფსიქოლოგიური ტერორი არ გვაძლევს თავისუფლად არსებობის საშუალებას"

ქუთაისის საკრებულოს წევრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელი ელეონორა არჩაია ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. 

"ძვირფასო მეგობრებო, იშვიათად გიზიარებთ საკუთარ პრობლემებს, თუმცა ეს ის მომენტია, როდესაც მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ნათლად გაიგოს, თუ როგორი მძიმე წნეხის და ზეწოლის ქვეშ ვართ მე და ჩემი ოჯახი ხელისუფლების მხრიდან: 

2021 წლის ზაფხულში, როდესაც ჩემი სამაჟორიტარო ვადა ამოიწურა, მივიღე გადაწყვეტილება დამეტოვებინა ქართული ოცნება და შევუერთდი გიორგი გახარიას გუნდს. 

განცხადების გაკეთებიდან, მეორე დღეს, დილის საათებში ჩვენი ოჯახის  რესტორანში, ქუთაისის საშემოსავლო სამსახურიდან შემოვიდნენ “შემოწმებაზე”. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ამ ქმედებას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა და ემსახურებოდა ჩემს დაშინებას და პოლიტიკური პროცესიდან ჩამოშორებას.

მას შემდეგ, რაც ქუთაისის საშემოსავლო სამსახურმა ვერანაირი კანონდარღვევა ვერ აღმოაჩინა, საქმეში თბილისიდან ჩამოსული ჩინოვნიკები ჩაერთვნენ, რომლებმაც აბსურდული და გამოგონილი ბრალდებით, დაგვაჯარიმეს ოთხასი ათასი ლარის ოდენობით. (შეგახსენებთ, რომ ჯარიმის ეს ოდენობა სისხლის სამართლის დევნას ითვალისწინებს)

არჩევნების დამთავრებიდან მეორე დღეს, უცხო პირებმა ჩამიმტვრიეს მანქანის მინები. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებლივი დავა დავიწყე, არანაირი შედეგი არ მიგვიღია, ვერ იპოვეს დამნაშავე. რა თქმა უნდა, ეს ქმედებაც მიმართული იყო ჩემს დასაშინებლად. ამავე პერიოდში, პირდაპირ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისგან მივიღე გზავნილები, რომ თუ პოლიტიკას ჩამოვშორდებოდი და კანდიდატურას მოვხსნიდი, ჩემი პრობლემებიც მოგვარდებოდა. 

რა თქმა უნდა, მე არ შემიწყვიტავს ჩემი საქმიანობა, რის შემდეგადაც დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის ტერორი ფინანსური სამსახურების მხრიდან. წლებია ეს პროცესი იწელება. როდესაც პოლიტიკური პროცესი ცხელ ფაზაში შედის, საქმე თავიდან იწყება, შემდეგ კი ისევ თაროზე ინახება. ეს ფსიქოლოგიური ტერორი არ გვაძლევს თავისუფლად არსებობის საშუალებას. 

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სამართლებრივი დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა ბოლო დღეებია გვირეკავენ და გვაშინებენ, რომ სასამართლოს დასრულებას არ დაელოდებიან და დაიწყებენ აღსრულების პროცესს. დაგვირეკეს და მოგვთხოვეს შპს ქონების ნუსხა, აღსრულების პროცესის დასაწყებად, ეს კი ნიშნავს იმას, რომ არ გვიტოვებენ სამართლებრივ გზებს, რათა საკუთარი თავი დავიცვათ. 

არ ვიცით, პროცესი როგორ დასრულდება. მინდა ბოლომდე ვიბრძოლო საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის, თუმცა ეს დევნა აღარ გვაძლევს თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობას. მოგეხსნებათ, ჩემი არცერთი შვილი საქართველოში აღარ ცხოვრობს, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. 

არადემოკრატიულ სისტემაში, რთულია იპოვო სამართალი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ქონდეს სრული ინფორმაცია და მათ ვისაც ჯერ კიდევ ეპარება ეჭვი დარწმუნდეს, რომ ისინი ვინც პრორუსულ ხელისუფლებას მხარს არ უჭერენ, შედეგად იღებენ დაშინებას, ზეწოლას და დევნას.

ერთადერთ იმედს ვიტოვებ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ნიშნით სახელისუფლებო ტერორი სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს,"-ამბობს არჩაია. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები