10 წლის წინ, 2014 წლის 10 სექტემბერს, იმერეთის რეგიონში ოკაცეს კანიონის ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა გაიხსნა. ოკაცეს კანიონი დღეისთვის საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ამ 10 წლის განმავლობაში ტერიტორია 600 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა.
"ოკაცეს კანიონზე ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა მალევე ჩაერთო სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობაში. მიმდებარედ შეიქმნა სამუშაო ადგილები, აშენდა 11 სასტუმრო, კაფეები, მაღაზიები, რესტორანი, ხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც სხვადასხვა პროდუქციას და მასტერკლასებს სთავაზობს ტურისტებს.
ოკაცეს კანიონზე მოგზაურობა ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარულებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს სთავაზობს. ოკაცეს კანიონზე საქართველოში პირველი, 780 მეტრი სიგრძის კიდული ბილიკია მოწყობილი, 152 მეტრის სიმაღლეზე. ბილიკის მთავარ სანახაობას კი პანორამული გადასახედი წარმოადგენს.
დაცული ტერიტორიების სააგენტო ოკაცეს კანიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს: მალე ობიექტს გადასასვლელი ხიდი, ბილიკი და ზიპლაინი დაემატება, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის,"-აცხადებენ სააგენტოში.