ტრადიციული თათბირი ხარაგაულის მერიაში და მერის დავალება თანამშრომლებს
ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ღვერკსა და ხემაღალში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაციების გაცემის საკითხი განიხილა. აღინიშნა, რომ ამ თემაზე მუშაობა შესაბამის სამინისტროებთან აქტიური კოორდინაციით მიმდინარეობს და უკვე დასკვნით ფაზაშია.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ზამთრის სეზონზე მუნიციპალიტეტის საჭიროებებს, მათ შორის, საუბარი შეეხო მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მერის წარმომადგენლებს სათბობი მასალით უზრუნველყოფის მიმღები ოჯახებისა და საახალწლო მხარდაჭერის პროგრამის ბენეფიციარების დროულად აღრიცხვა დაევალათ, რათა საჭირო დახმარება მოქალაქეებს რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად გაეწიოთ.
ხაზი გაესვა დიდთოვლობის პერიოდში საჭირო სპეციალური ტექნიკის მობილიზებისა და ყველა სამსახურის კოორდინირებული მუშაობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის შეუფერხებლად ფუნქციონირების აუცილებლობას.
კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებს მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდა.
„იყავით მაქსიმალურად აქტიურები. ჩვენი მოქალაქეების თითოეული საჭიროება დროულად უნდა მოვიდეს მუნიციპალიტეტამდე, რათა შესაბამისი გადაწყვეტილებები სწრაფად და ეფექტურად მივიღოთ“, - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
შეხვედრაზე აგრეთვე იმსჯელეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შედეგებზე, რომლის ფარგლებშიც, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 180 პროექტი განხორციელდა.





