რეკლამა

„სტარტაპ მეწარმე“ - ბაღდათის განვითარების ფონდის აქსელერაციის პროექტი ბიზნესის ხელშეწყობისთვის

„სტარტაპ მეწარმე“ - ბაღდათის განვითარების ფონდის აქსელერაციის პროექტი ბიზნესის ხელშეწყობისთვის


„ბაღდათის განვითარების ფონდის“ პროექტისთვის, „სტარტაპ მეწარმე“, შერჩევის პროცესი დასრულდა. პრეაქსელერაციის ეტაპზე რეგიონის 19 სტარტაპი გადავიდა. პროექტის ფარგლებში პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა: ტექნოლოგიური და სამეწარმეო პროექტები, მცირე ბიზნესის გაციფრულება და მდგრადი ბიზნესი. „ბაღდათის განვითარების ფონდის“ აქსელერაციის პროექტის მიზანია, დაეხმაროს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთარი იდეების განხორციელებაში ან არსებული ბიზნესის განვითარებაში.


კახა გონგაძე, „ბაღდათის განვითარების ფონდის“ გამგეობის წევრი: „პროგრამის მონაწილეებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო იდეები. მათი ბიზნესად გარდაქმნა, ვფიქრობ, მოგებიანი და ასევე საინტერესო იქნება როგორც ავტორებისთვის, ისე ბაღდათის რეგიონისთვის. მაგალითად, ერთ-ერთი პროექტი ფიზიოთერაპიული კაბინეტის მოწყობას გულისხმობდა. გავეცანით ასევე ფერმერული მეურნეობის, მესაქონლეობისა და მევენახეობის განვითარებაზე ორიენტირებულ იდეებს. გამოვყოფ ავტომოდერნიზაციის სფეროსთან დაკავშირებულ ბიზნესგეგმასაც. ავტოინდუსტრია წინ მიდის და ეს მიმართულება ძალიან აქტუალურია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია ასევე მეფუტკრეობის განვითარება, რაც ჩვენი რეგიონისთვის დამახასიათებელი და ძალიან სპეციფიკური სფეროა“.


„სტარტაპ მეწარმის“ აქსელერაციის მომდევნო ეტაპზე შერჩეული მონაწილეები კონსულტაციებს შესაბამის ექსპერტებთან გაივლიან, მიიღებენ ცოდნას - როგორ გარდაქმნან იდეა პროექტად, რათა დაფინანსების მოსაპოვებლად სრულყოფილი ბიზნესგეგმა ჰქონდეთ.


კახა გონგაძე, „ბაღდათის განვითარების ფონდის“ გამგეობის წევრი: „სტარტაპ მეწარმეს“ პრეაქსელერაციის სამკვირიანი პერიოდის განმავლობაში სტარტაპერები დაესწრებიან მენტორშიფ სესიებს და იდეების ვალიდაციაზე იმუშავებენ. ახლა სწორედ პრეაქსელერაციის ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც რეალური პროდუქტის შექმნას ემსახურება და მოიცავს რამდენიმე ფაზას, მათ შორის არის იდეის ვალიდაცია, ტესტირება, გუნდის ფორმირება, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბება, სწრაფი ვალიდაცია, A/B ტესტირება, MVP-ზე მუშაობა და მომზადება ინვესტორებთან წარსადგენად. ჩვენი მიზანია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სტარტაპებმა საკუთარი ბიზნესიდეები სფეროს ექსპერტებთან ერთად განიხილონ და საბოლოო პროექტებად ჩამოაყალიბონ“.
სამკვირიანი პრეაქსელერაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, „სტარტაპ მეწარმის“ დემო დღე გაიმართება, სადაც სტარტაპერები თავიანთ პროდუქტსა და იდეებს  ფართო აუდიტორიასა და ინვესტორებს წარუდგენენ. სწორედ დემო დღეზე გამოვლინდება გამარჯვებული პროექტები, რომლებიც „ბაღდათის განვითარების ფონდისგან“ დაფინანსებას მიიღებენ.
--
„ბაღდათის განვითარების ფონდი“ ქართველმა ბიზნესმენმა, თემურ კოხოძემ, შექმნა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბალნეოლოგიური კურორტის „საირმის“ მფლობელი და საავტომობილო სფეროში ლიდერი კომპანიის, „თეგეტა ჰოლდინგის“, დამფუძნებელია.
 


ტეგები:

Facebook - კომენტარები