რამ გამოიწვია მეწყერი ხარაგაულის ორ სოფელში?-ცნობილია სპეციალისტების დასკვნა

ხელისუფლების წარმომადგენლები ხარაგაულის სოფელ ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ სტიქიის ტერიტორიაზე მათივე თხოვნით ჩატარებული კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები გააცნეს.
როგორც შეხვედრაზე ინჟინერ-გეოლოგებმა აღნიშნეს, ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საველე სამუშაოები. მოხდა ტერიტორიის აეროგადაღება, საინჟინრო-გეოლოგიური აგეგმვა და ჭაბურღილების გაყვანა. გრუნტების ფიზიკური და მექანიკური მახასიათებლების დადგენის მიზნით ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები.
სპეციალისტების თქმით, კილომეტრი და ასი მეტრია მეწყრის სიგრძე, ხოლო მეწყრის სისქე 43 მეტრს შეადგენს. მას ახასიათებს რეგრესული ბუნება, ამიტომ, ტერიტორიაზე სახიფათოა გადაადგილება. არ შეიძლება ცხოვრება ასევე მეწყრის მიმდებარე ტერიტორიაზეც.
სპეციალისტების პროგნოზით, მეწყერი მისი ბუნებიდან გამომდინარე, მიუახლოვდება სკოლას, გაგრძელდება მდინარე ყარნებას კალაპოტის ამოვსებაც. ასევე, საფრთხის ქვეშ არის საავტომობილო გზები და სარკინიგზო მაგისტრალი. ექსპერტები ხემაღალსა და ღვერკში განვითარებული მეწყრული პროცესების მიზეზად ბუნებრივ ფაქტორებს ასახელებენ.
აღინიშნა ისიც, რომ გეოლოგიურ წარსულში აღნიშნული სოფლების ტერიტორიაზე გამოვლენილი იყო მეწყრები. შეხვედრაზე პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს ჰქონდათ მოსახლეობით სპეკულირებისა და ხმაურის გამოწვევის მცდელობა, რაზეც ხარაგაულის მერმა მათ უპასუხა, რომ მერიის ორგანიზებით გამართული შეხვედრის მიზანს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება წარმოადგენს და შეხვედრაზე მხოლოდ საქმესთან კავშირში მყოფ პირთა შეფასებებს მოისმენენ.