19 ივნისიდან ჭიათურელი მაღაროელები შიმშილობას აგრძელებენ
19 ივნისიდან ჭიათურელი მაღაროელები შიმშილობას აგრძელებენ. ამის შესახებ ცნობილი ჭიათურაში, დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე გახდა.
პროტესტის მთავარი მოთხოვნა 29 აპრილს დაკავებული მერაბ სარალიძის, აჩიკო ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძის და თენგო გველესიანის განთავისუფლება იყო.
“ვისაც აქვს სურვილი, რომ გამოგყვეს ამ ბრძოლაში, ეს შიმშილობა არც დროში და არც ხალხის რაოდენობაში არ იქნება შეზღუდული.
ეს არ ყოფილა ერთ დღეში გადაწყვეტილი. ბევრი ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, ბევრი ვიკამათეთ და ყველამ ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
შეიძლება ყველამ ვერ შეძლოს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა შეუძლია ჩვენი სოლიდარობისათვის აქ მოსვლა, მხარდაჭერა და დახმარება. ჩვენ გვჭირდება ყველას მხარდაჭერ,”-განაცხადა სიტყვის გამოსვლისას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ტარიელ მიქაცაძემ.
ცნობისთვის, დაკავებულებს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ჯგუფურად ჩადენას გულისხმობს.
ინციდენტი, რომელთან დაკავშირებითაც ჭიათურელები პოლიციამ დააკავა, 28 აპრილს თხილისწყლის მაღაროს მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მოხდა.
დაკავებულების ნაწილი ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროებში მუშაობს, ხოლო გიორგი ნეფარიძე შუქრუთის მცხოვრებია და იგი უკვე წლებია, სოფელ შუქრუთში კომპანიის სამთო-მოპოვებითი საქმიანობის შედეგად გამოწვეულ ზიანს და სახლების დანგრევას აპროტესტებს.

















