რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა.
საჯარო ლექციაზე - „განვითარებული ინფრასტრუქტურა და ძლიერი რეგიონები - საქართველოს გზა ევროპისკენ“ - მინისტრმა ისაუბრა სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებზე, მათ შორის, ქვეყნის თანაბარზომიერი და მდგრადი განვითარების პოლიტიკაზე; საქართველოს რეგიონული როლის გაძლიერებისათვის საერთაშორისო მაგისტრალური გზებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე; იმ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგებზე და გეგმებზე, რომელიც აუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს და ქმნის ინვესტიციების მოზიდვის მეტ შესაძლებლობას.
მინისტრმა აღნიშნა ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისათვის და ისაუბრა დეცენტრალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, KIU-ს ადმინისტრაციის თანამშრომლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.