TOPNEWS » მთავარი თემა » “ჭიათურის მშრომელთა კავშირი” ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვს

“ჭიათურის მშრომელთა კავშირი” ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვს

“ჭიათურის მშრომელთა კავშირი” ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვს


“ჭიათურის მშრომელთა კავშირი” მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრას ითხოვს. მაღაროელები უკმაყოფილებას ხელფასების დაგვიანების მიზეზით გამოხატავენ და დროებით დახურული მაღაროების გახსნის ზუსტი თარიღის დასახელებას ითხოვენ.

“ნაკისრი ვალდებულების მიხედვით, ხელფასი ყოველთვიურად 15 რიცხვში უნდა მიგვეღო. თუმცა, ნოემბრის შემდეგ, როცა წარმოება შეჩერდა, ხელფასი 15 რიცხვში არასადროს დარიცხულა. ახლაც იგივე ხდება – უკვე 5 დღე გავიდა და ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, როდის დაირიცხება ხელფასი: დღეს, ხვალ თუ ზეგ.

გარდა ამისა, არანაკლებ აქტუალურია მაღაროების ამუშავების საკითხი. ოფიციალურად, წარმოება მარტში უნდა აღდგეს, თუმცა აქამდე იანვრის თვე დასახელდა, რაც, როგორც ვხედავთ, არ გამართლდა. მთავარი კითხვაა – გაიხსნება კი მაღაროები მარტში? ეს საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მაღაროების გაჩერებამ არა მხოლოდ მაღაროელებზე, არამედ მთელი ქალაქის ეკონომიკაზე მოახდინა გავლენა. ჭიათურა ინდუსტრიული ზონაა, რომელიც მთლიანად ამ ინდუსტრიაზეა დამოკიდებული. მაღაროების გაჩერება მძიმე დარტყმა აღმოჩნდა როგორც დასაქმებულებისთვის, ისე ქალაქის რიგითი მაცხოვრებლებისთვის. მცირე და საშუალო ბიზნესიც მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ხელფასების დაგვიანება ამ კრიზისს კიდევ უფრო ამძაფრებს.

როგორ წარმოგიდგენიათ ჭიათურის მომავალი წარმოების გარეშე?
ან თუნდაც, თუ მუშაობა მტაცებლური, კაბალური პირობებით განახლდა?
ორივე შემთხვევაში ქალაქი და აქ მაცხოვრებლები , რთულ სიტოაციაში ავღმოჩნდებით.

ამ თემებზე შეგვიძლია ვრცლად ვისაუბროთ, მაგრამ ცხადია, მხოლოდ საუბარი პრობლემას ვერ მოაგვარებს.

ამიტომ, „ჭიათურის მშრომელთა კავშირი“ მოითხოვს შეხვედრას ქალაქის მერთან. ჩვენ გვაინტერესებს, რა ხედვა აქვს მას, რას აპირებს და როგორ წარმოუდგენია ჭიათურის მომავალი. გვინდა, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბროთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა რეალურად შედგება.

დღეს, საქმე არა მხოლოდ მაღაროელების პრობლემას, არამედ მთელი ქალაქის მომავალს ეხება,”-აცხადებენ მაღაროელები. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu