ონში მოქალაქეები რაჭის ტყეების გასხვისებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და არსებულ შეკითხვებზე პასუხებს ითხოვენ. მათი თქმით, მხარის გუბერნატორი და სხვა პასუხისმგებელი პირები მოსახლეობასთან შეხვედრას თავს არიდებენ.
" სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, 49 წლიანი ლიცენზია გაცემულია უპრეცენდენტოდ დიდ ტერიტორიაზე - 104 712 ჰექტარზე, რაც სრულად მოიცავს რაჭის ტყის მასივებს, მათ შორის, სასაზღვრო ზოლში შემავალი სოფლების ირგვლივ არსებულ ტყეებს, სამეურნეო მიწებს, საძოვრებსა და მდინარეებს. ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილება მალულად, მოსახლეობის ყოველგვარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე მიიღეს. თითქმის მთელი რეგიონი, უზარმაზარი ტყის მასივებით, სასარგებლო წიაღისეულითა და წყლის რესურსებით ერთი კერძო პირის მფლობელობაში გადავიდა, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას სრულად შეეზღუდა ტყეებსა და საარსებო გარემოზე წვდომა,"-აცხადებენ პროტესტის მონაწილეები.