ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე იოანეს განცხადებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში იმატა თვითმკვლელობებმა, რაც ქვეყანაში სოციალურ-ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მეტყველებს.
"სამწუხაროდ, ეს ტრაგიკული მოვლენა სიჭაბუკიდან სიბერემდე ფართო ასაკობრივ დიაპაზონს მოიცავს. მისი საბაბი და მოტივაცია განსხვავებულია, ხოლო ბუნება, შეიძლება ითქვას, ერთია: ფსიქიკური აშლილობა და პიროვნული შინაგანი სტრესული მდგომარეობა, რასაც ადამიანის მენტალობაში უკეთური ძალების, ალკოჰოლის, ნარკოტიკის, ან აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულება იწვევს.
ადამიანს ან ესმის სუიციდისკენ მოწოდების ხმები და ვერ ეწინააღმდეგება მათ, ფსიქიკური ძალადობის მსხვერპლი ხდება, ან ეგოცენტრული აზრების ესკალაციას პირადი ცხოვრების უპერსპექტივობის განცდის განვითარებით სიცოცხლის საზრისის მიმართ ნიჰილისტური განწყობით თანდათან სუიციდამდე მიჰყავს. ორივე შემთხვევაში ადამიანი ემიჯნება გარემოს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს, არ ითვალისწინებს, რა ტკივილს მიაყენებს მათ, და რაც მთავარია, წყვეტს კავშირს სიცოცხლის წყაროსთან, უფალთან, რომლისგან მოევლინა ამ ქვეყანას, უარს ამბობს ღვთის საბოძვარზე და უპირისპირდება მას. ეს გამოუსწორებელი დანაშაულია, ხოლო მისი ახლობლებისთვის და თავად მისთვის ტრაგედიაა.
ჭირისუფალი, ბუნებრივია, ტრაგიკულად აღიქვამს თავის ახლობელთან კავშირის გაწყვეტას და მისი აღდგენის მიზნით მიმართავს ეკლესიას იმ იმედით, რომ გაპატიოსნებით, წესის აგებით აღადგენს კავშირს ეულად დარჩენილ ახლობლის სულთან, რომელმაც თავისი ნებელობით და ქმედებით ყველასთან სამუდამოდ გაწყვიტა კავშირი. ამიტომაც შეუძლებელი ხდება მისი უკუმოქცევა, რადგან ის ვეღარ შეცვლის თავის ტრაგიკულ არჩევანს და გადაწყვეტილებას.
მართლმადიდებელ ეკლესიაში მიცვალებულის სულისთვის არსებული მსახურებები მოიცავენ ღვთისადმი მრავალგზის ვედრებას გარდაცვლილის ცოდვების მისატევებლად. ამ მსახურებათა შორის მნიშვნელოვანია წესის აგება, რომლის აღსრულების დროს მღვდელი გარდაცვლილი მორწმუნე ადამიანის სულს ახსენებს ფსალმუნის სიტყვებს, მოციქულის დარიგებას და მაცხოვრის სახარებისეულ შეგონებებს მომავალი სამსჯავროს წყალობისა და სამართლის შესახებ და ბოლოს, შენდობას აძლევს ადრე აღიარებულ და დავიწყებულ არაღიარებულ ცოდვებზე, რითიც უმსუბუქებს მას ახალ მდგომარეობაში ყოფნას.
თვითმკვლელის სულისთვის ამგვარი მსახურება უსარგებლო და დამამძიმებელია, რადგან მან თავისი ნებით გაწყვიტა კავშირი არამარტო ახლობლებთან, არამედ თვით უფალთან და მის ეკლესიასთან და თავისი გადაწყვეტილების შეცვლა არ ძალუძს. ჭირისუფალმა იზრუნოს ცოცხალთათვის, რომ მის ოჯახში, შთამომავლობაში აღარ განმეორდეს ეს უბედურება,"-ამბობს მეუფე.