ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას განცხადებით, ხვალ, ქალაქის საკრებულოს უმრავლესობა, ქუთაისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარს დაუჭერს. მისივე თქმით, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საწყისი მოცულობა, თავისი შინაარსით და მატერიალური რესურსით ჩვენი ქალაქის მოსახლეობის ინტერესებს სრულად პასუხობს. უპრეცედენტოა მისი საწყისი მოცულობა, რომელიც 117.097.80 ლარს შეადგენს.
“ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ იანვრის თვეში დამატებით 40 მილიონი ლარის მოცულობის ტრანშს ველოდებით, რომელიც საქართველოს მთავრობის განკარგულებით გადმოეცემა ქალაქს და ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა.
ასევე, რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ჩვენ პირველი ტრანშის სახით მივიღებთ 14 მილიონ ლარს, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას სრულად მოხმარდება.
აქვე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის, ასევე ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს ძალისხმევით ქუთაისს დამატებით გადმოეცემა ავტობუსები, რომელიც ჩვენი ქალაქის მოსახლეობას მოემსახურება. საერთო ჯამში დამატებით მივიღებთ 15- მდე ავტობუსს და 30-მდე მიკროავტობუსს.
საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტრო 2025 წელს, ქალაქის ისტორიული უბნის რებილიტაციისთვის კვლავ მნიშვნელოვან ფინანსურ რესურს დახარჯავს. ქუთაისის ისტორიული უბნის პროექტის სამუშაოების მეორე ფაზა, გაპონოვის და ნიუპორტის ქუჩების რეაბილიტაციის პროცესს მოიცავს. პრემიერ მინისტრის ინიციატივით ქალაქში დაიწყება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც სრულად მოემსახურება სხვდასხვა სახის სპორტულ მიმართულებებს.
2025 წელს, ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება და განვითარება. სრულად განახლდება “სპეციალური სერვისებისა” და დასუფთავების სამსახურის ავტოპარკი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საფრთხის შემცველი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებს, სრულად განახლდება ირ. აბაშიძის გამზირზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადები, საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა.
4 მილიონ ლარამდე დაიხარჯება რეკრეაციული სივრცეების განვითარებაში, ასევე განახლდება სპორტული მოედნები.
ყველა ეს ინიციატივა და პრიორიტეტი წარმოდგენილია მოსახლეობის მიერ, რომელიც საკრებულოს დეპუტატებსა და მოსახლეობას შორის გამართული შეხვედრებით შედეგად განისაზღვრა.
სოციალურ და ჯანდაცვით პროგრამებზე მომდევნო წელს 8,5 მილიონ ლარამდე დაიხარეჯება. გაიზრდება ქალაქის კულტურის ბიუჯეტი, ასევე მოიმატებს ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამების დაფინანსება,”-ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.