რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამტრედიაში N12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია უკვე დაასრულა. ასევე, დასრულების ეტაპზეა ქუთაისის N9 და N14 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.
ფონდის ინფორმაციით, სკოლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სამივე სკოლის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
"მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების რეაბილიტაცია მშენებელობის პროგრამის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 24 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დაასრულა. 2 სკოლის რეაბილიტაცია 2023 წლის პირველი სემესტრის განმავლობაში დასრულდება, ხოლო 2 სკოლის სამუშაოების დასრულება 2024 წელს იგეგმება.
იმერეთის რეგიონში სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ჯამური ინვესტიცია 83 მილიონ ლარზე მეტია.
საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების (CEB და NEFCO) დაფინანსებით, ფონდმა სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა 2019 წელს დაიწყო. პროგრამის საერთო ღირებულება 485 მილიონ ლარამდეა. პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე 171 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობიდან, სამუშაოები უკვე დასრულებულია 144 სკოლაში. 2023 წლის პირველი სემესტრის განმავლობაში, დამატებით 16 სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშოების ეტაპობრივი დასრულებაა დაგეგმილი,"-აცხადებენ ფონდში.