ქართველმა ძალოსანმა შოთა მიშველიძემ ოლიმპიადაზე იასპარეზა.
პარიზის ოლიმპიადაზე ფიცარნაგზე ქართველი ძალოსნებიდან პირველმა შოთა მიშველიძემ (61 კგ) იასპარეზა. ძალოსანს თავი ტრავმამ შეახსენა, რამაც მიშველიძეს საკუთარი ძალების სრულყოფილად წარმოჩენის საშუალება არ მისცა. სპორტსმენმა ოლიმპიადაზე ატაცში 121 კგ, ხოლო აკვრაში 135 კგ. დასძლია და ორჭიდის ჯამში 256 კგ. დააგროვა და ოლიმპიადაზე ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა.
29 წლის სპორტსმენის დებიუტი ოლიმპიადაზე ტოკიოში შედგა, სადაც მან მეშვიდე ადგილი დაიკავა. სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის ორგზის ოქროს, ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ღირსებას ოლიმპიადაზე ძალოსნები ირაკლი ჩხეიძე (102 კგ) და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+102 კგ) 10 აგვისტოს დაიცავენ.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. პარიზის ოლიმპიადაზე ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაურმა კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის დასაკუთრება.