იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი მიმართვას ავრცელებს.
"იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე დანიშვნა, ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, "ქართულ ოცნებას” ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. სრულიად გათავისებული მაქვს რა საჭიროებებია რეგიონში. ვაპირებ გუნდთან ერთად გავაგრძელო საქმიანობა და იმ მიმართულებით სვლა, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტი.
რეგიონის კეთილდღეობისთვის ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ეს პროცესი არის შეუქცევადი და განვითარების ტემპი უფრო, მეტ მასშტაბებს შეიძენს. მე მზად ვარ, ჩავერთო მხარის ყოველდღიურობაში და ყველა გადაწყვეტილება თუ პროექტი მოქალაქეების საჭიროებების მიხედვით დავგეგმოთ.
იმერეთი, გეოგრაფიული მდებარეობით, ისტორიულ–კულტურული და ბუნებრივი ძეგლებით, ბალნეოლოგიური კურორტებით და არსებული ტურისტული პოტენციალით არის გამორჩეული, საინტერესო და მიმზიდველი, როგორც ადგილობრივებისთვის ასევე ვიზიტორებისთვის. აქედან გამომდინარე, მხარეს სჭირდება მუდმივი განვითარების, განახლების და მშენებლობის პროცესი. მე მჯერა ჩვენ, ერთად ბევრ საინტერესო იდეას ვაქცევთ საქმედ,"-ამბობს გუბერნატორი.
ლევან ზალკალიანმა აღნიშნულ პოსტზე ზვიად შალამბერიძე ჩაანაცვლა, რომელიც რეგიონს 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.