ვინ არის ქუთაისის ახალი მერი დავით ერემეიშვილი?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში მერად დავით ერემეიშვილი აირჩიეს.
ქალაქში, სადაც 153 000-მდე ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, უბნებზე საერთო ამომრჩევლის 34.4% გამოცხადდა, საიდანაც "ოცნების" კანდიდატს ხმა 37 635-მა ადამიანმა მისცა და ასე მოიპოვა მოიპოვა 85.6%.
ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი "იბრძოდა. "ქართული ოცნებიდან" - დავით ერემეიშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან - პაატა ზაქარეიშვილი და პარტია "საქართველოდან"- გიორგი ამაღლობელი.
აღსანიშნავია, რომ წინა, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ქუთაისში, ხმა ამომრჩევლის 44.53%-მა მისცა, მაშინ მერად იოსებ ხახალეიშვილი აირჩიეს, რომელმაც თანამდებობა გასული, 2024 წლის ივლისში დატოვა. შემდეგ მუნიციპალურ არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დროის გამო, ახალი არჩევნები არ ჩანიშნულა და მერის მოვალეობას სწორედ ამ დროიდან შეუდგა დავით ერემეიშვილი, რომელიც ქუთაისის მერის მოადგილეა 2019 წლიდან.
დეკლარაცია
2025 წლის ივლისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, დავით ერემეიშვილი ფლობს თბილისში ცოტნე დადიანის ქუჩაზე 2019 წელს შეძენილ 141 კვ.მ ბინას, რომელშიც უთითებს, რომ 26 650 დოლარი აქვს გადახდილი, თანამფლობელები კი შვილები არიან. მის კუთვნილებაშია სახლი და მიწა ქუთაისში ჩეხოვის ქუჩაზე, რომელზეც წერს, რომ 2008 წელს გაცვლის შედეგად მიიღო.
ერემეიშვილის დეკლარაციაში სხვა უძრავი და მოძრავი ქონება, ან ძვირფასი ნივთები არ იძებნება.
მერის მოვალეობის შემსრულებლის და პირველი მოადგილის რანგში წლიურად სახელფასო სარგოს სახით მას 57 932 ლარი აქვს მიღებული, რაც თვიურად 4 827 ლარია.
ერემეიშვილს აქვს 43 000 აშშ დოლარის იპოთეკური სესხი "საქართველოს ბანკში", რომელიც 2013 წელს აიღო და 2026 წლის ჩათვლით უნდა გადაიხადოს. გასულ წელს კი სესხის მომსახურებაში 4 998 დოლარი აქვს გადახდილი.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, მცირე ნაშთების გარდა, მიმდინარე ანგარიშზე დეკლარაციის შევსების მომენტში $5 521, $3 628 და 2 711 ლარი ჰქონდა.
განათლება:
• 1988-1991 – ქ. თბილისის კ. ნ. ლესელიძის სახელობის სპეციალიზებული სამხედრო სკოლა, საერთო საჯარისო სპეციალობა;
• 1991-1992 – ქ. მოსკოვის ბალაშიხის უმაღლესი სამხედრო აკადემია, საერთო საჯარისო ფაკულტეტი;
• 1992-1995 – ქ. ქუთაისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი, ტურიზმის ორგანიზაცია და მართვა;
• 2003-2005 – ქ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა.
სამუშაო გამოცდილება:
• 1996-2000 – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, დაცვის თანამშრომელი;
• 2000-2002 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგანგებო ლეგიონი, კონტრაბანდის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველო, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;
• 2002-2003 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგადასახადო ოპერატიული სამსახური, ოპერატიული თანამშრომელი;
• 2003-2005 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;
• 2007-2015 – სს „საქართველოს ბანკი“, პრობლემური აქტივების და რესტრუქტურიზაციის დეპარტამენტი, პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის მენეჯერი;
• 2015-2016 – სს „საქართველოს ბანკი“, პრობლემური აქტივების და რესტრუქტურიზაციის დეპარტამენტი, პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის რეგიონალური მენეჯერი;
• 2016-2019 – სს „მოგო“, პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის დასავლეთის განყოფილების უფროსი;
• 2019-2020 – ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მერის პირველი მოადგილე;
• 11.04.2020 – 14.12.2020 – ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი;
• 15.12.2020 – 19.07.2024 – ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მერის პირველი მოადგილე;
• 20.07.2024-დან – დღემდე ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი.
ენები: ღია წყაროების მიხედვით, ფლობს რუსულს – ძალიან კარგად და ინგლისური – საშუალოდ.