ქუთაისის მერიაში ანაზღაურებად სტაჟირებას 14 ახალგაზრდა გაივლის

ქუთაისის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაჟირება დაიწყო. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია პროგრამის მონაწილეებს შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს.
სტაჟირება 1 ოქტომბრიდან 30 დეკემბრამდე გაგრძელდება, რომლის განმავლობაში მერიის სამსახურებისა და განყოფილებების საქმიანობაში 14 სტაჟიორი ჩაერთვება.
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ ან მეორე საფეხურზე, ან უკვე აქვთ დასრულებული ეს საფეხურები 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
კანდიდატთა შერჩევისას ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმს სტუდენტების აკადემიური მოსწრება წარმოადგენდა. ამასთან, თითოეული სტრუქტურული ერთეულის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრული იყო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც.
სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, უშუალოდ გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას და განივითარონ პროფესიული უნარები.