საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ექსპერტებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულეს.
საავიაციო სფეროში მსოფლიოს წამყვანი საკონსულტაციო კომპანია IATA Consulting-ის მიერ მომზადებული დოკუმენტი, პირველ ვიცე-პრემიერთან ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში გამოკვლეული და შეფასებული იქნა მთელი რიგი ასპექტები, რომელზე დაყრდნობითაც შემუშავდა საბოლოო დოკუმენტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის საჭიროება მგზავრთნაკადის ზრდის დინამიკამ განაპირობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ფიქსირდება ქუთაისის აეროპორტში. მინისტრის თქმით, გასულ წელს აეროპორტი რეკორდულ რაოდენობას - მილიონ შვიდასი ათასამდე მგზავრს მოემსახურა და ეს ნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დასრულების შემდეგ.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტებმა განმარტეს, რომ კვლევა და შეფასებები მოიცავს აეროპორტის ტერმინალის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, ბაქანის, სამიმოსვლო ბილიკებისა და აეროპორტის სხვა ინფრასტრუქტურის ახლანდელ მდგომარეობას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი მგზავრთნაკადისა და საჰაერო ხომალდების მოძრაობის პროგნოზებს; აეროპორტის ტერმინალისა და აეროდრომის (მათ შორის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, სამიმოსვლო ბილიკები, ბაქანი) განვითარების შესაძლო სცენარების შემუშავებას და შეფასების საფუძველზე საუკეთესო ალტერნატიული ვარიანტის შერჩევას და ა.შ.