გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში 120 000 გრძივი მეტრის მკვებავი გაზსადენი შენდება.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი კახა დვალი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი- გოჩა ენუქიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ და აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში გაზიფიცირების მიმდინარე საპროექტო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: გაზიფიცირების სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი დემეტრაშვილი და საპროექტო კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც დაგეგმილ სამუშაოებს ასრულებენ.
ასაშენებელი ინფრასტუქტურის საპროექტო სამუშაოებში ჩართულია რამდენიმე ორგანიზაცია, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს სამუშაოების დასრულება. აქ ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი გაზი და მოსახლეობას არ ქონდა შესაძლებლობა ესარგებლა ბუნებრივი აირით.
სამთავრობო გეგმის განხორციელების შემდგომ კი, რომელიც სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარეობს, აშენდება 120 000 გრძივი მეტრი მაღალი წნევის მკვებავი გაზსადენი და 7000 ადგილობრივი მოსახლე შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2013 წელს დაიწყო. 2013-2024 წლებში, ჯამურად, ქვეყნის მასშტაბით გაზიფიცირდა 881 დასახლებული პუნქტი და 206 247 აბონენტმა შეძლო ბუნებრივი გაზით სარგებლობა. 11 წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შედეგად ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდა ისეთი დასახლებული პუნქტებისთვის, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი. ამჟამად გაზიფიცირების სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და მუნიციპალიტეტებში. გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2025 წლისთვის ქვეყნის დაახლოებით 93% -ზე მეტი იქნება გაზიფიცირებული.