28 ივლისს, ხარაგაულის მუნუციპალიტეტის სოფელ ფარცხნალში, კახორის წმინდა გიორგის სალოცავზე კახორობის დღესასწაული აღინიშნა.
აღნიშნულ სალოცავზე ამ დღეს უამრავი მომლოცავი ჩადის, ფეხით ან მანქანით მიუყვებიან წმინდა ადგილისაკენ მიმავალ გზას. იქ მისული მორწმუნენი არაერთი სასწაულის და მსწრაფლშემწეობის მომსწრენი გამხდარან.
ლეგენდის თანახმად, თამარ მეფეს ორი კახელისთვის წმინდა ქვები გაუტანებია, ისინი, გზად ამ მთაზე გადასულან და დაღუპულან. ამ ადგილზე ხალხს ეკლესია აუშენებია და ადგილისთვის სახელი ამ ორი კახელის საპატივცემულოდ უბოძებიათ (კახ-ორი).
ეკლესიის მშენებლობისას ხალხს "ჯაჭვი" გაუკეთებიათ და ხელიდან ხელში აწვდიდნენ სამშენებლო მასალას მთამდე რომ აეტანათ.
ეკლესია 30-იან წლებში კომუნისტებმმა ააფეთქეს და მიწასთან გაასწორეს ამიტომ, წლების მანძილზე ხალხი იმ ეკლესიის საძირკვლის ნაშთებში ლოცულობდა, მისი აღდგენა ბოლო წლებში მოხდა.