“ეს იქნება ნაბიჯი უფრო განვითარებული, კომფორტული და სიცოცხლით სავსე ხარაგაულისკენ”

“ქართული ოცნების” ხარაგაულის მერობის კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა ამომრჩევლებთან მორიგი შეხვედრა გამართა. ხარაგაულის კინოთეატრში, დაბა ხარაგაულის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი მშვიდობაზე ორიენტირებულ “ქართული ოცნების” პოლიტიკას და მის შედეგებს შეეხო.
როგორც კობა ლურსმანაშვილმა აღინიშნა, 2013 წელს, როდესაც ის ხარაგაულის მერი გახდა, ბიუჯეტი მხოლოდ 4 მილიონს შეადგენდა. “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ბიუჯეტი 4 მილიონიდან 34 მილიონამდე გაიზარდა და დღეს 4 მილიონს ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ სოციალური მიმართულებით ხარჯავს.
კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის უფრო მეტად განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამაყია, რადგან მისი მერობის პერიოდში ბევრ ახალგაზრდას მისცა ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმებისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოჩენის საშუალება. ითქვა ისიც, რომ ხარაგაულში მოსახლეობის მიმართ გაცემული ყველა დაპირება გადაჭარბებით არის შესრულებული. შეხვედრის ბოლოს კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ ხარაგაულის მოსახლეობისათვის მსახურება მისთვის პატივია. მან ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გამოხატული ნდობისათვის.
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება და ჩვენ, „ქართული ოცნების“ გუნდი, აქტიურად ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
დღეს დაბა ხარაგაულის კინოთეატრში შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენს შეხვედრას ესწრებოდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ზალკალიანი, რომელიც ჩვენთან ერთად მიესალმა ხარაგაულელებს.
საუბრისას მიმოვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები, მოკლედ შევეხეთ იმ მიღწევებსა და მასშტაბურ პროექტებს, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განახორციელა ბოლო წლებში. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ხარაგაულში უკვე განხორციელებულ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე დადებითად აისახა.
მომავალი ოთხი წლისთვის ჩვენ უკვე გვაქვს მზად სამოქმედო გეგმა, სადაც პრიორიტეტად განისაზღვრა დაბა ხარაგაულის გალამაზება, მისი იერსახის განახლება და საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგება. ეს იქნება ნაბიჯი უფრო განვითარებული, კომფორტული და სიცოცხლით სავსე ხარაგაულისკენ.
ჩვენ გვჯერა, რომ ხარაგაულის მოსახლეობა კიდევ ერთხელ გამოგვიცხადებს ნდობას, რათა მომავალში ერთად გავაგრძელოთ წარმატებული საქმეების კეთება, მშვიდობიანი, ძლიერი და განვითარებული რეგიონისთვის.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ადამიანებზე. რეგულარულად ვხვდებით მოსახლეობას, ვისმენთ მათ საჭიროებებს და რეალური ნაბიჯებით ვპასუხობთ მათ მოთხოვნებს.
დღესვე, მოსახლეობას წარვუდგინე ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბესიკ კვირიკაშვილი, რომელიც საზოგადოებაში საკმაოდ კარგი ავტორიტეტით სარგებლობს.
სწორედ ასეთ პროფესიონალ, განათლებულ და სუფთა წარსულის მქონე ადამიანებზე დგას „ქართული ოცნების“ გუნდი,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.