ცაშეკრულას კანიონი დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე, მდინარე ოკიშურას ხეობაში, ზღვის დონიდან 300-350 მეტრზე მდებარეობს.
კანიონისებური ხეობა უზარმაზარი კლდეებითაა წარმოდგენილი, რომლებიც ზოგან თითქმის გვირაბისებურ გასასვლელს ქმნის.
კანიონი ადრეულ საუკუნეებში მიწისძვრის დროს კლდის ჩამოშლის შედეგად წარმოიშვა.
"როგორც კი ცაშეკრულას კანიონს მიუახლოვდებით, თქვენს თვალწინ ულამაზესი სანახაობა გადაიშლება, ცივ-ცივი მდინარე, ჩანჩქერი, ცამდე აზიდული კლდეები, აქ ძალიანაც რომ ეცადო, ცას თვალს ვერ მოკრავ.
სწორედ ერთმანეთს მიბჯენილი კლდოვანების გამო დაერქვა ამ ხეობას "ცაშეკრულა".
ცაშეკრულას კანიონი ხარაგაულის ისტორიულ ციხესთან იწყება და ხეობის სიღრმეში შედის.
კანიონის სიგრძე 900 მეტრს შეადგენს.
იგი ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია მცირე გასვლებისთვის, ბუნების სიმშვიდეში ხეტიალისთვის და განტვირთვისთვის. იმოგზაურეთ ხარაგაულში, დაგეგმეთ გასვლები ოჯახთან, მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად. აღმოაჩინეთ და შეიგრძენით სულ სხვა ხარაგაული,"-ნათქვამია ხარაგაულის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.