რეკლამა

გიორგი ვაშაძე: ვიღაცებს უნდათ, თანამდებობების თემაზე ჩაგვციკლონ, ჩვენ გვაინტერესებს ხალხი, მათთან საუბარი, მსჯელობა

გიორგი ვაშაძე: ვიღაცებს უნდათ, თანამდებობების თემაზე ჩაგვციკლონ, ჩვენ გვაინტერესებს ხალხი, მათთან საუბარი, მსჯელობა


ჩვენ დავაფუძნეთ გამარჯვების პლატფორმა, შესაბამისად, ჩვენთვის მთავარი გამარჯვებაა. მესმის, რომ ვიღაცებს უნდათ, თანამდებობების თემაზე ჩაგვციკლონ, ჩვენ გვაინტერესებს ხალხი, მათთან საუბარი, მსჯელობა და მთელი ერის, ქართული ეროვნული ენერგიის კონსოლიდაცია იმისთვის, რომ საქართველო ძლიერი, რეგიონის ლიდერი, ევროკავშირის წევრი იყოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მიხეილ სააკაშვილთან მას კომუნიკაცია მომავალშიც ექნება.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე მასთან აქამდეც მქონდა კომუნიკაცია და ვაპირებ გავაგრძელო, „ნაციონალური მოძრაობა“ მიშას პარტიაა, მიხეილ სააკაშვილი დღეს სიმბოლოა რუსულ ტერორისტულ რეჟიმთან დასავლური ცივილიზაციის ბრძოლის.

გაერთიანების პირველი ეტაპი იქნება სექტემბერ-ოქტომბერში, თქვენ ახალ ადამიანებს ნახავთ, ახლა მძლავრ დაგეგმვის ფაზაში ვართ, პირველი ეტაპი სექტემბერი-ოქტომბერია, მეორე ეტაპი უკვე გაზაფხულია. ჩვენი სტრატეგია არის ერთი - გამარჯვება, გამარჯვება და კიდევ ერთხელ გამარჯვება, ჩვენ გავალთ პირველ ადგილზე, ეს იქნება ჩვენი მთავარი ამოცანა, ქართველ ხალხთან ერთად დიდი გამარჯვების მოპოვება“, - განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა ის ნიკა მელიასთან, ასე უპასუხა:

„ნიკა მელიას საკითხი ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საკითხი, მე ჩემ პოზიციას გეტყვით, მე ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას ნამდვილად შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს რუსული საოკუპაციო რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებაში, დანარჩენი, მასზეა დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამს“, - აცხადებს ვაშაძე.

კითხვაზე, თუ რას იტყვის იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება ოპონენტებისთვის, ან ოპოზიციის ნაწილისთვის, წითელი ხაზია, ვაშაძე აცხადებს, რომ „საერთო დიდ გამარჯვებაში ყველა ერთად იქნება“.

„გამარჯვების პლატფორმა იქნება საერთო, ეროვნული, საერთო სახალხო, დიდი გამარჯვების პროცესი. ეს არის პლატფორმა, სადაც ყველას შეუძლია შემოვიდეს, ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ინდივიდი შემოვიდეს. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათ ვუსურვებთ ასევე კონსოლიდაციას, გულწრფელად და ღიად გეტყვით, ახლა და ასე სწრაფად ეს ნაბიჯი იმისთვის გადავდგით, რომ ბიძგი მივცეთ სხვებსაც კონსოლიდაციისკენ, ამიტომ ყველასთვის გზა დაგვილოცია, საერთო დიდ გამარჯვებაში, ყველა ერთად ვიქნებით“, - განაცხადა ვაშაძემ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები