ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა კვლავ გადაკეტილია
ტყიბულში, სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში მეწყრული პროცესი კვლავ აქტიურია. სოფელში დილით გეოლოგების დამატებითი ჯგუფები შევიდნენ. სპეციალისტების პირველადი დასკვნა დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
ტერიტორიაზე კონტროლს ახორციელებენ მეხანძრე-მაშველები. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს დაემორჩილონ სპეციალური სამსახურების მითითებებს, რადგან როგორც ტყიბულის მერი ამბობს, დაფიქსირდა მოსახლეობის მხრიდან სტიქიის ზონაში შესვლის მცდელობა.
როგორც ცნობილია, სოფელში მეწყერი 58 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე განვითარდა. სოფელ კურსებიდან ორი დღის წინ განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, 45 ოჯახის, დაახლოებით 106 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მოსახლეობა უზრუნველყოფილია პირველადი საჭიროებებით. სოფელში მუშაობას აგრძელებს საგანგებო შტაბი. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
უსაფრთხოების მიზნით კვლავ გადაკეტილია ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა.





