რუსმა ღარიბაშვილმა გამოგვიცხადა, რომ „იცით რა, რუსების გარდა ჩვენ კიდევ ჩამოვიყვანთ ჩინელებს“. ე.ი. ბიძინა ივანიშვილის მთავარი ოცნება არის საქართველო ქართველების გარეშე და ყველამ ერთად ვუთხრათ საქართველოს დროშის აღმართვით, ევროკავშირის დროშის აღმართვით, რომ არ შევეგუებით, არ დავნებდებით და ბრძოლა აუცილებლად იქნება გამარჯვებამდე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან, „გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ თავის პროპაგანდას მუდმივად ტყუილზე აგებს და რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ეროვნული პარტია საქართველოში.
„ჩვენი შეხვედრის დაწყებამდე, ბიძინა ივანიშვილმა, „რუსულმა პარტიამ“ მოახერხა და ბაგრატი ჩააბნელა, მაგრამ იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც ქვეყანა ჩააბნელა, რუსეთის გუბერნიად უნდა რომ აქციოს, ბაგრატის ჩაბნელება არ გვიკვირს. მაგრამ აქედან რამდენიმე კილომეტრში გელათს რას უშვრება ბიძინა ივანიშვილი და „რუსული პარტია“, ეს არათუ გვიკვირს, არამედ გაბრაზებულები ვართ. ძალიან გაბრაზებულები, იმიტომ, რომ არ გაუფრთხილდე გელათს, ნიშნავს - არ გაუფრთხილდე საქართველოს კულტურულ-მემკვიდრეობას, არ გაუფრთხილდე ჩვენს ქვეყანას. ამ მდგომარეობაში იყოს ქუთაისი ნიშნავს - ამ მდგომარეობაში გყავდეს მთელი საქართველო. ამასობაში ბიძინა ივანიშვილი და „რუსული პარტია“ მუდმივად ტყუილზე აგებს თავის პროპაგანდას და რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ეროვნული პარტია საქართველოში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მან ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ყველაზე დიდი აგენტი, საქართველოში რუსული ინტერესების გამტარებელი არის ბიძინა ივანიშვილი და ეს მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ კარგად იცის“.
„ჩვენ აუცილებლად ყველამ ერთად უნდა მოვაცილოთ ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.